არჩევნები 2020

4 ოპოზიციური პარტია: ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას". - ამის შესახებ ოთხი ოპოზიციური პარტიის (გირჩი, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთობლივ განცხადებაში წერია. მათი შეხვედრა ევროპული საქართველოს ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. 

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით. 

მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად. 

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი". - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები