ფაუჩი: PFIZER-ის ვაქცინა შეიძლება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გვქონდეს

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სიახლეს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა შემოწმების გავლის შემთხვევაში, ის ხელმისაწვდომი, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იყოს.

ენტონი ფაუჩი ფიქრობს, რომ კომპანია Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებისთვის ნებართვის მიღების მცდელობას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

"რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხალხისთვის ხელმისაწვდომი რაოდენობა, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გვქონდეს, ალბათ უფრო დეკემბერში". – თქვა მან.

მისივე თქმით, Pfizer-ი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა და ვაქცინების სრულყოფაში დიდი გამოცდილება აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ მათმა ვაქცინამ ჯერ შემოწმებები უნდა გაიაროს, 90%-ით ეფექტიანობის ჩვენება კარგი ამბავია.

"დიდი ალბათობით, ვაქცინა ხალხისთვის მასიურად ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება. ეს კარგი ამბავია". – თქვა მან.

აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციაში.

ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აღმოჩენას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეგულატორებმა თქვეს, რომ ისინი თანახმანი იყვნენ, 50%-ით ეფექტიანი ვაქცინაც კი დაემტკიცებინათ, რომელიც  იცავს აცრილთა მხოლოდ ნახევარს. ახალი ვაქცინა, მწარმოებლების თანახმად, 90%-ს დაიცავს, რამაც მეცნიერებში არსებულ ამჟამინდელ მოლოდინებს გადააჭარბა. 

კომენტარები