მიხაილო თოდუა

EMC: მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება

MICHAILOSecretArea

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ თოდუას (მიხაილოს) მიმართ შინაპატიმრობის გაუქმებისა და საპატიმრო სასჯელის გამოყენების საკითხს ეხმაურება და მიაჩნია, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

EMC-ის განცხადების თანახმად, ამ დრომდე პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ. მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებითაც, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით არ ჩაითვალა ეს დოკუმენტები.

"პროფესიული განვითარება და მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე". – წერია განცხადებაში.

19 ოქტომბერს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მუსიკოსს, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, პრობაცია მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს, რათა დაადასტუროს ნამდვილად გირჩის ღონისძიებაზე უკრავდა თუ არა. 

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური უკეთია.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 

კომენტარები