აშშ-ს არჩევნები 2020

მეორე "ლურჯი ტალღა" ვერ შედგა - რა შეიცვალა აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ს არჩევნები 2020

მეორე "ლურჯი ტალღა" ვერ შედგა - რა შეიცვალა აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში

საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, 3 ნოემბერს აშშ-ში 35 ახალი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის ახალი შემადგენლობა აირჩიეს. არჩევნების შედეგები თითქმის სრულად არის დათვლილი. უკვე ნათელია, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მეორე "ლურჯი ტალღის" შექმნა ვერ შეძლო. პირველი "ლურჯი ტალღა" 2018 წელს ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს იყო, როდესაც დემოკრატებმა 2010 წლის შემდეგ პირველად შეძლეს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება. შუალედურ არჩევნებამდე ისინი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 193 ადგილს იკავებდნენ, არჩევნების შემდეგ კი ეს რიცხვი 235-მდე გაიზარდა.

2020 წლის არჩევნებში პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა, თუმცა ვერ შეძლო წარმომადგენელთა პალატაში ადგილების გაზრდა. მათ, ამ დროის მონაცემებით, მოპოვებული აქვთ 218 ადგილი, რაც უმრავლესობას უზრუნველყოფს. დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ კიდევ 3 ოლქში. გამარჯვების შემთხვევაში პარტიას სულ 221 ადგილი ექნება.

რესპუბლიკურმა პარტიამ ამ დროისთვის 201 ადგილის მოპოვება შეძლო. მათი კანდიდატები ლიდერობენ 12 ოლქში, რაც მათ ჯამში 213 ადგილს მოუტანს. ეს 14 ადგილით მეტია იმაზე, რაც პარტიამ შუალედურ არჩევნებზე მოიპოვა. გარდა ამისა, ლუიზიანას ერთ-ერთ ოლქში მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ორი კანდიდატი მიიღებს.

რაც შეეხება სენატს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკურ პარტიას მეტი ადგილი ჰქონდა დასაცავი, ვიდრე დემოკრატიულს, დემოკრატებმა მაინც ვერ შეძლეს სენატში უმრავლესობის მოპოვება. დემოკრატმა კანდიდატებმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორების დამარცხება შეძლეს მხოლოდ ორ შტატში, არიზონასა და კოლორადოში. ამასთანავე, მოქმედი დემოკრატი სენატორი დამარცხდა ალაბამას შტატში. მეინის შტატში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა გაიმარჯვა, სენატორი კვლავ რესპუბლიკელი სიუზენ კოლინსი გახდა. მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში კამპანიისათვის მოგროვებული რეკორდული თანხებისა, დემოკრატებმა ვერ შეძლეს ვერეტანი რესპუბლიკელი სენატორების ლიდნსი გრემის (სამხრეთ კაროლინაში) და სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის (კენტუკიში) დამარცხება.

შედეგად, დემოკრატების რიცხვი სენატში მხოლოდ ერთით გაიზარდა. უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ, სულ მცირე, 3 ადგილის დამატება სჭირდებოდათ.

ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას სენატში 49 ადგილი აქვს. კიდევ ერთ ადგილს მოიპოვებენ ისინი ალიასკაზე, სადაც ხმები ბოლომდე არ არის დათვლილი, თუმცა რესპუბლიკელი კანდიდატი ლიდერობს. შედეგად რესპუბლიკურ პარტიას სენატში 50 ადგილი ექნება, დემოკრატიულს კი 48. უმრავლესობისათვის 51 ადგილია საჭირო. მეორე ტური გაიმართება ჯორჯიაში, ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება. ჯორჯიაში სულ ორი სენატორი უნდა აირჩიონ, რადგან სპეციალური არჩევნებიც იყო დანიშნული სენატორ ჯონი აიზეკსონის გადადგომის გამო. მის მოვალეობას კელი ლოფლერი ასრულებდა. ის სენატის არჩევნებში კენჭს იყრიდა, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა ხმების 26%-ით. პირველ ადგილზე დემოკრატი რაფაელ ვარნოკია 33%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლოფლერმა რესპუბლიკელთა ამომრჩევლების ხმების ნაწილი იმის გამო დაკარგა, რომ კენჭს მასთან ერთად პარტიიდან კიდევ ერთი კანდიდატი, დაგ კოლინზი იყრიდა. მან 20% მიიღო და შესაბამისად მეორე ტურიში ვერ გადავიდა. 

მოსალოდნელია, რომ ჯორჯიადან რესპუბლიკური პარტია, სულ მცირე, ერთ ადგილს მოიპოვებს და შესაბამისად, უმრავლესობისათვის საჭირო 51 ადგილი ექნება. მეორე ტური 5 იანვარს ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ ორივე ადგილი დემოკრატებმა მოიპოვეს, ორივე პარტიას სენატში 50-50 ადგილი ექნება და გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტის ხელში იქნება.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოცხადდა, ვიცეპრეზიდენტად კი კამალა ჰარისი. დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და გეგმავს ხმების გადათვლა მოითხოვოს ყველა შტატში, სადაც მცირე სხვაობით დამარცხდა. ის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართავს, სადაც 9-დან 6 მოსამართლე კონსერვატორია.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევა არჩევნებში მიღებული ხმათა უმრავლესობით არ ხდება.

პრეზიდენტის ვინაობას დეკემბერში საარჩევნო კოლეგია გადაწყვეტს. საარჩევნო კოლეგია 538 წევრისგან შედგება (სენატის 100 და წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის შესაბამისად + 3 წევრი დედაქალაქ ვაშინგტონიდან). არჩევნების წინ პარტიები საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ. ისინი არ უნდა მსახურობდნენ ფედერალურ თანამდებობებზე. როგორც წესი, პარტიები წევრებს მათდამი ლოიალობის ნიშნით არჩევენ. წევრების რაოდენობა შტატების მიხედვით არის გადანაწილებული და 3-დან 55-მდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რამხელაა შტატის მოსახლეობა. შტატისათვის მინიჭებული წევრების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს საყოველთაო აღწერის შემდეგ, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

შტატების უმეტესობაში მუშაობს სისტემა, „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოლეგიაში შტატის ყველა წარმომადგენელი იქნება იმ პარტიიდან, რომლის კანდიდატიც ამ შტატის მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. განსხვავებული სისტემაა მეინის და ნებრასკის შტატებში, სადაც წევრებს არა მთლიანად შტატის, არამედ ოლქების მიხედვით ირჩევენ, შესაბამისად, ამ შტატებიდან კოლეგიაში, შესაძლოა, შევიდნენ, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის მიერ შერჩეული წევრები.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფიცი, რომელსაც კოლეგიის წევრები დებენ, რომ ხმას მისცემენ იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში გაიმარჯვა, მისი დარღვევა მხოლოდ ზოგიერთ შტატში ისჯება. აღსანიშნავია, რომ წევრებს, რომლებმაც ფიცი დაარღვიეს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში არასოდეს უთამაშიათ გადამწყვეტი როლი.

ამჟამად ჯო ბაიდენს კოლეგიაში 290 ხმა აქვს, ტრამპს კი 214. პრეზიდენტად არჩევისათვის 270 ხმაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის საჩივრების შედეგად მდგომარეობა შეიცვლება და კოლეგიაში უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა აირჩევს. კონგრესმენები ხმას არა ინდივიდუალურად, არამედ შტატის დელეგაციის ფარგლებში აძლევენ. თითო შტატს თითო ხმა აქვს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, მაგრამ, ვინაიდან თითო შტატიდან თითო ხმა ითვლება, ამ წესით უმრავლესობა ამ დროისთვის კვლავ რესპუბლიკური პარტიის მხარესაა, ვინაიდან 26 შტატის დელეგაციაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ.

ამავე თემაზე:

კომენტარები