აშშ-ს არჩევნები 2020

პომპეო: ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე გადასვლა დაუბრკოლებელი იქნება

მაიკ პომპეო
BusinessTimes

სამშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე გადასვლა დაუბრკოლებელი იქნებოდა.

მაიკ პომპეოს კომენტარი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, დაიწყო თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულ ჯო ბაიდენის გუნდთან ძალაუფლების გადაცემის პროცესზე მუშაობა.

პომპეომ აღნიშნა, რომ ხმების დათვლის პროცესი აშშ-ში ჯერ არ დასრულებულა და ხაზი გაუსვა თითოეული ლეგალური ხმის დათვლის მნიშვნელობას. 

"როცა პროცესი დასრულდება, აირჩევა საარჩევნო კოლეგია... კონსტიტუციაში ეს საკმაოდ ნათლადაა გაწერილი". - თქვა პომპეომ.

დონალდ ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია. ის ხმების გადათვლას ითხოვს ყველა შტატში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა. ამ დრომდე არ არის გამარჯვებული ცნობილი აშშ-ს 3 შტატში. ალიასკასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპი ლიდერობს, ჯორჯიაში კი ბაიდენი, თუმცა მას უკვე აქვს საარჩევნო კოლეგიაში საკმარისი ხმები იმისათვის, რომ დეკემბერში ოფიციალურად გამოცხადდეს გამარჯვებულად კოლეგიის მიერ.

ტრამპი კვლავ ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და სასამართლოს მიმართავს. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი და ის კრისტოფერ მილერით ჩაანაცვლა. თანამდებობა დატოვა იუსტიციის დეპარტამენტის არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის განყოფილების ხელმძღვანელმაც. მან გადადგომის მიზეზად გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მოთხოვნა დაასახელა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა დაეწყოთ ხმების დათვლის დასრულებამდე.

ბაიდენს უკვე მიულოცეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, ავსტრალიის, ისრაელის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა.

კომენტარები