აბაშიძე რუსი სამშვიდობოების საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაადგილებას ადასტურებს

ზურაბ აბაშიძე
ტაბულა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში დაადასტურა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნით საქართველომ რუსეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების გადასაყვანად საჰაერო სივრცე გაუხსნა.

"რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტიგენტის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის მიხედვით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ ეტაპზე, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე და მშვიდობის დამყარებისთვის არსებული შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარის თხოვნით, რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარი შეთანხმებით და განსაზღვრული პერიოდით კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით იქნება გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები". - თქვა აბაშიძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი სამშვიდობოების გადაყვანა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდებოდა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

10 ნოემბერს სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოების განლაგებაა. პროცესი რუსეთმა შეთანხმების ხელმოწერისთანავე დაიწყო.

მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ 1 960 მსუბუქად შეიარაღებული სამხედრო განლაგდება. ასევე განთავსდება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ავტომობილი და სპეციალური აღჭურვილობა.

შეთანხმების მიხედვით, რუსული კონტიგენტი ყარაბაღში 5 წლის განმავლობაში დარჩება. მათი იქ ყოფნა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არცერთი მხარე არ გამოხატავს ამ პუნქტის მოქმედების შეწყვეტის სურვილს.

მთლიანობაში მთიანი ყარაბაღის რეგიონთან მხარეების კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ლაჩინის კორიდორში 16 სადამკვირვებლო პუნქტი მოეწყობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების განლაგების რუკები გაავრცელა.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები