მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რას ნიშნავს რეგიონისთვის შეთანხმება მთიან ყარაბაღზე? – ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრება

0 კომენტარი
ზურაბ ბატიაშვილი ფოტო: UG Oriental Club/Facebook

10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო

ტაბულა მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე, მოვლენების შესაძლო განვითარებასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს, ესაუბრა.

რას ნიშნავს ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების ჩადგომა საქართველოსთვის? როგორ შეიცვლება რეგიონში რუსეთის გავლენები?

რუსების ნებისმიერი ახალი ადგილზე გამოჩენა კავკასიაში ზრდის რუსეთის გავლენას, შესაბამისად, საქართველოსთვის საფრთხეები იზრდება. რაც შეეხება უშუალოდ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, უფრო სწორედ, ეს არის სამი პრეზიდენტის განცხადება, აქ მკაფიოდ ჩანს რუსეთის გამოკვეთილი ინტერესები და ამავე დროს, ის ბერკეტებიც, რომლებიც მის ხელში გადადის. პირველ რიგში, ეს არის ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი გზა, რომელსაც რუსეთი გააკონტროლებს და ამავე დროს ეს არის ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ასევე რუსეთის ხელში იქნება. ამავე დროს, გარკვეულწილად ღიად რჩება, ყარაბაღის სტატუსის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი. რუსეთის მხრიდან ეს კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი და ზეწოლის საშუალება იქნება აზერბაიჯანზე. კიდევ ის, რომ თუ აქამდე რუსებს მხოლოდ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სომხეთში ჰქონდა ბაზები, ახლა უკვე ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი რუსი სამხედროების სახით და მინიმუმ, ხუთი წლით იქნება, 5+5 ფორმულა არის. ასე რომ, აქაც დამკვიდრდა რუსეთი. 

აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის დერეფნის გახსნა რას ნიშნავს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად? როგორ აისახება ეს საქართველოზე?

ეს გაიხსნება, თუმცა ესეც რუსეთის ხელში იქნება და ასევე ბერკეტი ექნებათ რუსებს – რუსეთის ურთიერთობებზე აზერბაიჯანთან, რუსეთის ურთიერთობებზე თურქეთთან იქნება დამოკიდებული მისი ფუნქციონირების საკითხი. ამ დერეფნით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეს არამხოლოდ ნახიჩევანი და აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი ნახიჩევანის გავლით დანარჩენ აზერბაიჯანს და დანარჩენ თურქულ სამყაროს. თუმცა, აქ ერთ და ორ დღეში ეს ვერ მოხდება თუნდაც ტექნიკური მოსაზრებების გამო, რადგან გზა ჯერ გასაკეთებელია, დასაპროექტებელია და მეორეც, არავინ იცის ათეულობით მილიონობით დოლარის ღირებულების გზა როგორ იფუნქციონირებს, რამდენად მისცემს რუსეთი ამის საშუალებას თურქეთს და აზერბაიჯანს. 

გაზრდის თუ არა ეს ყველაფერი თურქეთის გავლენებს რეგიონში?

შეთანხმება ისე მოხდა და საომარი მოქმედებებიც ისე წარიმართა, რომ გარკვეულწილად, ინტერესთა თანხვედრა მოხდა რუსებს, აზერბაიჯანსა და თურქებს შორის. მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ წინასწარ გარკვეულ დონეზე შეთანხმებაც არსებობდა მათ შორის, რომელიც გულისხმობდა ერთი მხრივ, ფაშინიანის დასჯას და მეორე მხრივ, აზერბაიჯანის მიერ გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას და ვნახეთ, რომ ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიები იყო. რა თქმა უნდა, თურქეთის გავლენაც იზრდება თუნდაც აზერბაიჯანში, რომელიც მისი მთავარი მოკავშირეა რეგიონში. ვხედავთ თურქული დრონების ჩართულობას ამ საბრძოლო მოქმედებებში და სწორედ ამ დრონების საშუალებით მოახერხა მან უპირატესობის მოპოვება, რაც წინა შემთხვევებში არ იყო, მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა იყო ხოლმე, ძირითადად, თურქეთის მხრიდან. ახლა ვნახეთ, რომ უკვე ტექნიკური საშუალებებითაც მოხდა ჩართვა და ამავე დროს, დაკანონდება თურქების სამხედრო ყოფნაც, ოღონდ, არა უშუალოდ კონფლიქტის ზონის შიგნით, არამედ იქ, სადაც უკვე აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილები დგანან. ასე რომ, თურქეთსაც აქვს და მითუმეტეს, თუ გზამაც ფუნქციონირება დაიწყო მაშინ, რა თქმა უნდა, თურქეთის გავლენის ზრდაზეც შეგვიძლია ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვისაუბროთ.

თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში? ელით თუ არა, რომ ფაშინიანის მთავრობა დემონსტრაციების ფონზე შეიცვალოს?

სომხეთს, რა თქმა უნდა, მძიმე პერიოდი ელის იმიტომ, რომ ნებისმიერი წაგება იწვევს ხოლმე ყველა ქვეყანაში გარკვეულ სირთულეებს და ამ პრობლემის წინაშე, ხელისუფლების, ძალაუფლების დაკარგვის წინაშე ფაშინიანის ხელისუფლება [დადგება], უფრო მეტსაც ვიტყვი, სომხეთში ამ არასტაბილურობის ფონზე, შეიძლება, არაერთხელ შეიცვალოს ხელისუფლება გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი შიდა ძალაა და ბევრი გარე ძალა იქნება მასში ჩარეული, რომლებიც სიტუაციის არევას შეეცდებიან.

---------------------------

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები