არჩევნები 2020

ვაშაძე: ჩვენი წინადადებაა ხელახალი არჩევნები, რაღაც მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ

"ქვეყანაში ტოტალური კოლაფსია, რაც რვა წლის მანძილზე დეინსტიტუციონალიზებულმა მმართველობამ მოიტანა - ჩამოშლილია აბსოლუტურად ყველაფერი". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში. 

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად არის, თუმცა, მოლაპარაკება უნდა შეეხებოდეს ხელახალ არჩევნებსა და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას.

“ჩვენ პროცესს ადეკვატურად ვუყურებთ - ასე ვერ გაგრძელდება. საჭიროა საერთო პოზიციების შეჯერება და თუ საჭიროა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობით. ჩვენი წინადადებაა ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ახალი საარჩევნო პროცედურების პირობებში. ამის ადეკვატური ალტერნატივა მე ჯერ არ მომისმენია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც მაიმუნობაში ვაპირებთ მონაწილეობას, ამას არ ვაპირებთ და ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმაც". – ამბობს ვაშაძე. 

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებს შორის "არც ერთი სხვა პოზიცია არ განხილულა". 

გუშინ, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა გირჩის, ევროპული საქართველოს, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათი პოზიცია მყარია და "გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ".

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მზად არიან "გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის". ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება აქცია 14 ნოემბერს თბილისში. გარდა ამისა, 21 ნოემბერს, მეორე ტურების დროს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ ამ განცხადებას უერთდება.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები