არჩევნები 2020

ვაშაძე: ჩემს აზრს ბოლომდე დავიცავ, მარტო დარჩენის არ მეშინია, ხანდახან სასარგებლოა დეპრესია

ენმ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამავე დროს, ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია. ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნავს, რომ ის თავის პოზიციას ბოლომდე დაიცავს და "მარტო დარჩენის არ ეშინია".

"მე არავითარი რეცეპტი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზუსტად ვიცი და ამას დავიცავ ბოლომდე და არც მეშინია მარტო დარჩენის. რა პრობლემაა, ხანდახან პირიქით სასარგებლოა იზოლაციაში ყოფნა და დეპრესიაში ყოფნა, იმიტომ რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს... პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება, უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს უნდა დავილაპარაკოთ, დავსხდეთ და ვსინჯოთ, შეიძლება, მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ ძალას შორის". – აცხადებს ვაშაძე.  

კითხვაზე, იზიარებს თუ არა პარტიაში ვინმე მის ხედვას, ვაშაძე პასუხობს, რომ მას არ დაუთვლია. 

"ვიცი რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. თვლა არ დამიწყია, მაგრამ იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არავისთან არაფერი შემითანხმებია, მაგრამ იმ ადამიანებისგან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩათვლით, მათი მხარდაჭერა ღია ან პირადული, ძალიან მნიშვნელოვანია". – აცხადებს ვაშაძე.  

10 ნოემბერს, დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები