არჩევნები 2020

ხაზარაძე ვაშაძეზე: სამწუხაროა, თუ მოლაპარაკება იყო ჩანიშნული და სხვა პარტიებმა არ იცოდნენ

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

ხაზარაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ძალიან სამწუხაროა, თუ ესეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, ეს არის ძალიან ცუდი, თუ ესეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ საქმის კურსში. გუშინ ჩვენ, ოთხმა პარტიამ გავავრცელეთ განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ნებისმიერ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს პოლიციელებთან ნებისმიერი მომიტინგე უნდა იყოს ძალიან კორექტული. ჩვენ სახელმწიფო უწყებებს და განსაკუთრებით პოლიციას უნდა ვცეთ პატივი, ისინი იცავენ საზოგადოების წესრიგს". – ამბობს ხაზარაძე. 

მისივე თქმით, განცხადების შინაარს, რომელიც გუშინ ოთხმა პარტიამ გაავრცელა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ.

ენმ-ის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში მის მიერ 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მისი განცხადება, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესის ჩაიშალას მოყვა.

გუშინ, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა გირჩის, ევროპული საქართველოს, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათი პოზიცია მყარია და "გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ".

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მზად არიან "გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის". ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება აქცია 14 ნოემბერს თბილისში. გარდა ამისა, 21 ნოემბერს, მეორე ტურების დროს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ ამ განცხადებას უერთდება.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

    კომენტარები