არჩევნები 2020

კაპანაძე ვაშაძის განცხადებაზე: რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის გაუგებარია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მათთვის, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, უცნობია, თუ რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ილაპარაკა ენმ-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

"გულწრფელად გეტყვით, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით, არც ევროპულმა საქართველომ და არც სხვა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ის, რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის არის გაუგებარი. ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს, არა მხოლოდ საზოგადოებაში, ასევე ოპოზიციურ პარტიებში". – ამბობს სერგი კაპანაძე.

გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, 11 ნოემბერს, თქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა."

მან ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა, სადაც ამტკიცებდა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

10 ნოემბერს, დილით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები