არჩევნები 2020

სამადაშვილი: ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო

ფორმულა

"ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო". - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ეხმაურება. 

"როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელეტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენს გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ, ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო". - წერს სამადაშვილი.

გუშინ, 11 ნოემბერს, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა და სწორედ ამას მოჰყვა მისი განცხადებები, რომლითაც პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა.

თუმცა, ოპოზიციის წევრებისთვის გაურკვეველია, რა დიალოგზე ლაპარაკობს ენმ-ის თავმჯდომარე და, მათივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, რა მოლაპარაკება ჩაიშალა.

10 ნოემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები