მსოფლიო

ბერდიმუხამედოვის მოთხოვნით, აშხაბადში ძაღლ ალაბაის ოქროს ძეგლი დადგეს

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის მოთხოვნით, ძაღლის ადგილობრივი ჯიშის, ალაბაის ოქროს ძეგლი დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ Eurasianet.org ავრცელებს. 

ალაბაი თურქმენული მეცხვარე ძაღლია, რომელიც ახალთექური ჯიშის ცხენებთან ერთად თურქმენეთის ნაციონალურ სიმბოლოდ მიიჩნევა. ძაღლის 6-მეტრიანი ოქროს ქანდაკება აშხბადის სამთავრობო კვარტალში, ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის მოთხოვნით დადგეს. 

ალაბაის ჯიშის ძაღლისთვის ძეგლის დადგმის გეგმა, ბერდიმუხამედოვმა რამდენიმე წლის წინ გააჟღერა. აქამდე ერთადერთი ნაციონალური ცხოველი, რომელიც ქანდაკებაში უკვდავყვეს, ახალთექური ჯიშის ცხენი იყო. 

2015 წელს აშხბადში, ერთ-ერთ ბორცვზე აღიმართა ახალთექური ჯიშის ცხენზე ამხედრებული გურბანგული ბერდიმუხამედოვის გიგანტური ძეგლი.  ბერდიმუხამედოვის მიერ შარშან გამოცემულ წიგნში, რომელიც ალაბაის ჯიშის ძაღლს ეხება, თურქმენეთის პრეზიდენტი წერდა, რომ "თანამედროვე თურქმენების წინაპრები ახალთექური ჯიშის ცხენებში ხედავდნენ თავიანთ ოცნებებს, ხოლო ალაბაის ჯიშის ძაღლებში - ბედნიერებას."

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის კულტურის სამინისტრო UNESCO-სთვის მიმართვას ამზადებს. ქვეყანა მოითხოვს, ალაბაის ჯიშის ძაღლებს და ახალთექური ჯიშის ცხენებს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. 

გურბანგული ბერდიმუხამედოვის უფროსი ვაჟი, სერდარი რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებს, ამავდროულად ალაბაის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია. 

გურბანგული ბერდიმუხამედოვის განსაკუთრებული სიყვარული ცხოველების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. ბერდიმუხამედოვმა ახალთექური ჯიშის ცხენებზე რამდენიმე წიგნიც დაწერა, მათ შორის პოეტური კრებულები. ბერდიმუხამედოვს ეკუთვნის, ასევე, ენციპლოპედიური ნაშრომები ახალთექური ჯიშის ცხენების და ალაბაის ჯიშის ძაღლების ისტორიაზე. 

კომენტარები