არჩევნები 2020

ოპოზიცია პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლისას მდუმარე აქციას გამართავს. როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და მთავარი მესიჯი იქნება, რომ არჩევნები გაყალბებულია. 

"ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17 ან 18 ნოემბერს, რომელიც იქნება, ერთი მხრივ, მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ და ამავე დროს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი.

იქნება დაკრული სტიკერები, სოციალური დისტანცია აბსოლუტურად დაცული, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია.

იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს". – თქვა გიგი უგულავამ. 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები