ახალი კორონავირუსი საქართველოში

გასულ 24 საათში აჭარაში COVID 19-ით 10 პირი გარდაიცვალა, მათ შორის 32 წლის ქალი და 100 წლის კაცი

AFP - Getty Images

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ დღე-ღამეში რეგიონში ახალ კორონავირუსს 10 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 32 წლის ქალის, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და 100 წლის კაცის, რომელიც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

უწყების ინფორმაციით, 32 წლის ქალმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა, ის 12 ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტის დიაგნოზი/ანამნეზი: COVID 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევმოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია პაციენტს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის მწვავე პნევმონია.

რაც შეხება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილ 100 წლის კაცს. ის კლინიკაში 5 ნოემბერს შევიდა COVID 19-ის დიაგნოზით, ასევე მენჯ-ბარძყის მოტეხილობით, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პნევმონია.

ბოლო 24 საათში აჭარაში გარდაცვლილი პაციენტებიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ 76 და 62 წლის კაცები. ბათუმის სამედიცინო ცენტრში COVID 19-ს 78 და 52 წლის კაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 78 წლის კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკებისგან ინფორმაციას ელოდებიან.

აჭარის რეგიონში გასულ დღე-ღამეში ვირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 347 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

13 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 154 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 16 981 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები