თბილისის მერია

მერია: ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე

Facebook.com/გიორგი შალიკაშვილი

"ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე" - ასე ეხმაურება თბილისის მერია პიკის საათის პერიოდში, მეტროს სადგურ ახმეტელის თეატრის შესასვლელთან მგზავრთა ნაკადის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალას.

"კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტი, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამის ზომებს მიმართავს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა მეტროპოლიტენში მგზავრთა ნაკადების მართვა.  მართვის შედეგად ხდება მეტროსადგურების შიგნით მგზავრთა ნაკადის განტვირთვა და რიგის მართვა გარეთ, ღია სივრცეში. შედეგად, ქვედა ვესტიბიულებში ნაკადი იკლებს და მცირდება ვირუსის გავრცელების რისკი.

სწორედ მსგავსად იმართებოდა რიგი დღეს დილით, პიკის საათის პერიოდში - მეტროს სადგურ ახმეტელის თეატრის შესასვლელში, ღია სივრცეში შეკავდა რიგი, ხოლო მეტროს ვესტიბიულში იყო სიხალვათე.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მეტროს სადგურების შესასვლელებთან არსებულ ბარიერებში, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელების რისკი" - აცხადებს მერია.

მეტროს შესასვლელებში რიგები 6 ნოემბრიდან კონტროლდება. 

კომენტარები