არჩევნები 2020

ბოკერია: სააკაშვილის სიტყვები და ციფრები არ მაინტერესებს, არც მე, არც მოდერატორებს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"სააკაშვილის სიტყვები საერთოდ არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს სააკაშვილის დასახელებული ციფრები და არც მოდერატორებს არ აინტერესებთ." - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ჟურნალისტის კითხვას, 2020 წლის არჩევნების რა მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი 20%-ს ასახელებს.

"რაც შეეხება იმას, რას შეიძლება დავეყრდნოთ, ჩვენ შევადარეთ მარტივი რამ - რაიმე იდეალურ არჩევნებს კი არ შევადარეთ, პირობითად, შვეიცარიაში, ავსტრიაში ან ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის ღრმა ტრადიციით ჩატარებულს, შევადარეთ წინა ორ არჩევნებს. 2012 წელს და 2016-ს.

მოულოდნელად ჩვენს ქვეყანაში ბოლო 4 წელიწადში თითქმის 4-ჯერ გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების რიცხვი, რომელიც ბიულეტენების მოპარვის და სახლში წაღების ფანი გახდა. ეს როგორ შეიძლება აიხსნას? 8 000-ზე მეტი კონვერტია ნახევრად ცარიელი. უცებ დაიწყეს ბიულეტენების მოპარვა? მეორე - იმ უბნების რაოდენობა, სადაც ჩაყრა მოხდა, 10-ჯერ გაიზარდა. ეს არის ყველაზე თვალნათელი მაგალითები. ამის ეფექტს თუ გავითვალისწინებთ, კარუსელების რაოდენობას, აღწევს 200 000 ხმას." - ამბობს გიგა ბოკერია.  

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები