არჩევნები 2020

ვაშაძე: ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მონაწილეობას არ მივიღებ

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე TV პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მასში მონაწილეობას, პასუხობს, რომ დიდი ალბათობით, არა. 

"დიდი ალბათობით არა, არ გადამიწყვიტავს ზუსტად, მაგრამ დიდი ალბათობით, არა. 

რაღაც თავი ცხოვრებაში იწყება, რაღაც თავი მთავრდება. რომ გითხრათ, მე ვაპირებ 30 წელი ვიბალახო ამ მოედანზე როგორც ზოგიერთები აკეთებენ ახლა, ერთი პარტიიდან მეორეში ვირბინო და ასე შემდეგ – ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი". – ამბობს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, მან არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების 34.72%-ის ხმა მიიღო და ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად არჩევნების მეორე ტურში გადავიდა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია – თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები