არჩევნები 2020

ხოშტარია კალაძეზე: "ოცნების" დღევანდელი პოზიცია ტყუილია, ვინ დაუშალა გადათვლა?

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბრიფინგს ეხმაურება. ხოშტარიას შეფასებით, "ოცნების" პოზიცია ტყუილია. 

"ვინ დაუშალა გადათვლა? ვინ დაუშალა საჩივრების განხილვა? ქართული ოცნების დღევანდელი პოზიცია ტყუილია. გუშინ რაც ცესკოში ვნახეთ, ამის შემდეგ რა პროცედურებზე ვლაპარაკობთ? პირდაპირ ჩაკეტეს პროცესი. 

ჩვენი პოზიცია არის თანმიმდევრული. რამდენი დროც დასჭირდება იმას, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, ჩვენ იმდენი ხანი გვექნება პროტესტი.

კალაძის განცხადება არაერთი გვინახავს ჩვენ, მათ შორის, პროპორციულის წინ, რომ საერთოდ არაფერი განიხილება, დახურულია კარიო. სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღწეული შედეგი. ეს მისი მხრიდან ვაჭრობის ფორმაა, რომელიც ჩვენს პოზიციაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. მათთვისვე ცუდია, რომ ჩიხში იგდებენ თავს". - ამბობს ხოშტარია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

კალაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, რაზეც, მისივე სიტყვებით, ოპოზიციამ უარი თქვა. კალაძის თქმით, "როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ." კალაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება ხელახალი არჩევნების ჩატარებას და "მსგავს საკითხებს" არ განიხილავს.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ორი შეხვედრა გაიმართა - 12 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს.

დღეს, 14 ოქტომბერს გამართული შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ "ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა" ცესკოს გადაწყვეტილებით, არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციისა და საიას არცერთი საჩივარი. მათივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხია დარჩენილი - ხელახალი არჩევნები.

არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ დიალოგის ამ ფორმატში დასრულებას არ ელიან და "მზად ვართ, პარლამენტში გავაგრძელოთ."

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები