მოლდოვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში – არჩევანი კვლავ რუსეთსა და დასავლეთს შორის

ქეთი ხუციშვილი
0 კომენტარი

პირველ ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც გამარჯვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა, 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. შესაბამისად, კვლავ მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, რომელშიც, 2016 წლის არჩევნების მსგავსად, მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთთან დაახლოებული იგორ დოდონი და პროდასავლელი ოპოზიციონერი მაია სანდუ გადავიდნენ.

თუმცა, წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობით დოდონს სანდუ უსწრებს. ხმების სრულად დათვლის შედეგად სანდუმ 36.16%, დოდონმა კი 32.61% მიიღო.

ამ გარემოებას ხაზი გაუსვა თავად დოდონმაც, როდესაც მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, ოპონენტებს კი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იმის გამო, რომ მას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 48%-მა მიიღო. უპრეცედენტოდ მაღალი იყო ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოლდოველების აქტიურობა. მათი ხმები ჯამში მიცემული ხმების თითქმის 15%-ს შეადგენდა. უკანასკნელ წლებში ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანა ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მოლდოვის მოსახლეობის თითქმის მესამედი, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა. მათი ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ს 15%-ზე მეტს წარმოადგენს.

დასავლეთის ქვეყნებში მოლდოვის დიასპორა თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანისაგან შედგება. სწორედ მათმა ხმებმა შეცვალა არჩევნების პირველ ტურში ბალანსი სანდუს სასარგებლოდ. არსებობს ეჭვი, რომ მათ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემოდა, თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უპრეცედენტო აქტიურობის გამო მეორე ტურისათვის საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტი უბანი გაიხსნება.

სანდუ ლიდერობს დედაქალაქ კიშინიოვშიც, გაგაუზიის ავტონომურ რეგიონსა და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ტერიტორიაზე კი დოდონი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოლდოვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხმის მისაცემად 2016 და 2019 წლებში ათობით ათასი ამომრჩეველი გადაიყვანეს, რათა ხმა პრორუსული პარტიებისათვის მიეცათ.ამჯერადაც სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ხმების მოპოვებაში ადანაშაულებენ დოდონს ოპონენტები.

მეორე ტური 15 ნოემბერს არის დანიშნული. მნიშვნელოვანი იქნება პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული კანდიდატის, ქალაქ ბელცის მერის, მემარცხენე პოპულისტი რენატო უსატის ხმების გადანაწილება დარჩენილ კანდიდატებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ უსატი პრორუსული პარტიის ლიდერია და 2016 წლის არჩევნებში მისი მხარდაჭერა დოდონს გამარჯვებაში დაეხმარა, ამჯერად უსატი აქტიურად გამოდის დოდონის წინააღმდეგ. მან მეორე ტურში დოდონის კანდიდატურის მოხსნაც კი მოითხოვა და მიზეზად კამპანიის დაფინანსებისთვის რუსეთიდან 10 მილიონი აშშ დოლარის მიღება დაასახელა.

მართალია, ბელცის მერს ღიად არ დაუჭერია მხარი სანდუსათვის, თუმცა პროდასავლელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ უსატის გზავნილი ნათელია - მიეცით ხმა დოდონის წინააღმდეგ.

უსატიმ პირველ ტურში ხმების 16.9% მიიღო, თუმცა საეჭვოა, რომ ყველამ, ვინც მას ხმა მისცა, აშკარა მოწოდების შემთხვევაშიც კი მაია სანდუს დაუჭიროს მხარი.

მართალია, უსატის მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა დოდონს კვლავ ზურგს უმაგრებს მთავარი მოკავშირე - ვლადიმირ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა მოლდოველებს მოუწოდა, მხარი დოდონს დაუჭირონ და შეახსენა, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც კორონავირუსმა კიდევ უფრო კრიზისში ჩააგდო, რუსეთზეა დამოკიდებული.

“იმედი გვაქვს, რომ მოლდოველი ხალხი დააფასებს მათი პრეზიდენტის მუშაობას ამ არჩევნებზე”. - თქვა პუტინმა.

სწორედ რუსეთისაგან დახმარების მიღება, მათ შორის დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვტაში, წარმოადგენს დოდონის მთავარ დაპირებას. ის მოსახლეობას სტაბილურობას ჰპირდება და აფრთხილებს, რომ სანდუს გამარჯვება და დასავლეთთან დაახლოება მათთვის კარგის მომტანი არ იქნება. თუმცა, დოდონის საწინააღმდეგოდ მუშაობს კორონავირუსის პანდემია. მას აკრიტიკებენ ვირუსთან გამკლავებაში არაეფექტურობის გამო. ქვეყანაში 87 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 1 900-ზე მეტი გარდაიცვალა.

დოდონის განცხადებებს მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი სანდუ საკუთარ დაპირებებს უპირისპირებს. ის მოსახლეობას ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირის დამყარებას და დასავლეთიდან მეტი ფინანსური დახმარების მოზიდვას ჰპირდება.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანდუ მეორე ტურში გამარჯვებას მოახერხებს, მას სამოქმედოდ შეზღუდული სივრცე ექნება, ვინაიდან მისი პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” პარლამენტში უმცირესობაშია. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ რუსეთის შუამავლობით შეძლეს პრორუსულ სოციალისტურ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შეკვრა. მაშინ პრემიერმინისტრი თავად სანდუ გახდა, თუმცა მალევე მას უნდობლობა გამოუცხადეს, სოციალისტურმა პარტიამ კი ახალი კოალიცია ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან ჩამოაყალიბა. იმის გამო, რომ პარლამენტში სოციალისტურ პარტიას 37, ხოლო დემოკრატიულმა პარტიას 13 დეპუტატი ჰყავს, კოალიციას უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობის ხმები არ გააჩნია, რის გამოც თამამ ნაბიჯებს ვერ დგამენ. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე ამ ვითარების გადასაჭრელად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში დოდონი გაიმარჯვებს, მოსალოდნელია, რომ სანდუს მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს გამართავენ. ამ მოლოდინს ისიც ამყარებს, რომ პირველ ტურში სანდუმ გაიმარჯვა. მსგავსი სცენარისთვის მზად არის რუსეთი. მოსკოვმა უკვე დაადანაშაულა აშშ მოლდოვაში რევოლუციის მომზადებაში. რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ ვაშინგტონი აპირებს, წააქეზოს მოლდოვის ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლისაკენ და მოუწოდებს მათ, არ აღიარონ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა და მოითხოვონ ხელახალი არჩევნები.

დასაშვებია, რომ მოლდოვაში ბელარუსის მსგავსი სცენარი განმეორდეს, ვინაიდან რუსეთს არ სურს არცერთი მოკავშირის ხელიდან გაშვება და მოლდოვის სათავეში პროდასავლური განწყობის მქონე პრეზიდენტის მოსვლა. ამისათვის ის მზადაა, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს. განსაკუთრებით კი დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის საკითხი. ასეთი სცენარი მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები