არჩევნები 2020

ბოკერია კალაძეზე: უტიფრად ამბობს, რომ თურმე ჩვენ ვთქვით გადათვლაზე უარი – თვითონ გვითხრეს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბრიფინგს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, კალაძე "უტიფრად ამბობს", თითქოს ოპოზიცია ხმების გადათვლის წინააღმდეგია, რაც მისივე თქმით, სიმართლე არ არის. 

"კალაძეს უთქვამს, გადათვლის და ყუთების გახსნის წინააღმდეგია ოპოზიციაო. თან ეს ხდება ცესკოს სამარცხვინო სხდომის მეორე დღეს, ყველამ უყურა, როგორ იქცეოდნენ. იქამდე, 800-მდე საჩივარი იყო ევროპული საქართველოსი, სხვა ოპოზიციის და რეპუტაციის მქონე NGO-ების, რომლებიდანაც სულ რამდენიმე დაკმაყოფილდა. იმ რამდენიმეში, როცა გახსნეს, ხომ ვნახეთ, რაც იყო სურათი? ჩვენ ვასაჩივრებთ ამას ახლაც და კალაძე ამბობს, რომ თურმე ჩვენ არ ვართ გადათვლის მომხრე. ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, რომ გადათვლაც კი არ უშველის გაყალბების იმ მასშტაბს, რაც იყო, თორემ გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს.  

ჩვენს მომჩივან კომისიის წევრებს უთხრეს უარი იმ საბაბით, რომ თქვენ საჩივარში თქვენი სახლის მისამართი გიწერიათ და არა პარტიისო. ჯერ ერთი, ბიძინას კარუსელს გადათვლა ვერ იჭერს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის ყიდვა და დაშინება, რომლებიც მერე ერთმანეთს ბიულეტენებს უცვლიან. მაგრამ მაინც უნდა ყოფილიყო გადათვლილი, რომ გვენახა ყველაზე უტიფარი დარღვევებიც, რაც ვნახეთ საბურთალოზე, სამგორში. ამაზე თვითონ გვითხრეს უარი. ახლა უტიფრად ამბობს, რომ თურმე ჩვენ ვთქვით უარი გადათვლაზე". - ამბობს ბოკერია მთავართან ინტერვიუში.

კალაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, რაზეც, მისივე სიტყვებით, ოპოზიციამ უარი თქვა. კალაძის თქმით, "როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოდელირებული, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ." კალაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება ხელახალი არჩევნების ჩატარებას და "მსგავს საკითხებს" არ განიხილავს.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ორი შეხვედრა გაიმართა - 12 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს.

დღეს, 14 ოქტომბერს გამართული შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ "ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა" ცესკოს გადაწყვეტილებით, არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციისა და საიას არცერთი საჩივარი. მათივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხია დარჩენილი - ხელახალი არჩევნები.

არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ დიალოგის ამ ფორმატში დასრულებას არ ელიან და "მზად ვართ, პარლამენტში გავაგრძელოთ."

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები