არჩევნები 2020

სააკაშვილი: ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას

მთავარი არხი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TV პირველის ეთერში მასთან დაკავშირებული კამათის შემდეგ ენმ-ისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებს მიმართავს. სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებონ მასზე დებატებს და მთავარ თემას მიხედონ.

"მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში.

მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის". – წერს სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

TV პირველის ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძესა და ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა ალეკო ელისაშვილის მიერ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ნათქვამ სიტყვებს, "სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს". ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის ჩარევაზე საუბრობენ. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს საკითხია, რომელზეც ოპოზიციაში "ერთიანობა არ არის".

დღეს, 14 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ენმ-ის მხარდაჭერთა ნაწილი იდგა ტრაფარეტით, რომელზეც ეწერა "მიშა ჩამოდი", რასაც სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. 13 ნოემბერს  კი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ასე მიმართა – "გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ".

კომენტარები