არჩევნები 2020

კუპრაძე: უნდა შევქმნათ ოპოზიციური ერთობა, რომელიც ბელადებზე არ იქნება დამყარებული

Irakli Kupradze/fb.com

ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ლელოს წევრების მიერ ბათუმში ოპოზიციური აქციიდან წამოსვლის საკითხზე ბრიფინგი გამართა. 

პარტია ლელოს წევრებმა საერთო ოპოზიციური საპროტესტო აქცია ბათუმში მას შემდეგ დატოვეს, რაც აქციაზე გამოჩნდნენ დემონტრანტები წარწერებით "მიშა ჩამოდი", "მიშა დაბრუნდი".

კუპრაძის თქმით, ლელომ საპროტესტო აქცია იმ მიზეზით დატოვა, რომ აქცია ერთი პარტიის ღონისძიებად იქცა, რაც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ოპოზიციის მიერ მიღწეულ 2 მთავარ მოთხოვნას - ახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას. 

"ჩვენ ცალსახად გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებას. ამ ოპოზიციური შეთანხმების დარღვევა არის მიუღებელი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, რომელიც არის უპრეცედენტოდ ერთიანი."

კუპრაძის თქმით, ლელო არ მიიღებს იმ ღონისძიებებში მონაწილეობას, რომლებიც ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს სცდება ან ეწინააღმდეგება. 

"ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ არ ვაპირებთ პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას. ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული. ჩვენი ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს", - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

კომენტარები