ეკონომიკა

ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით (სებ), 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან ( 35.20 მლნ აშშ დოლარი), იტალიიდან (27.50 მლნ აშშ დოლარი) და აშშ-დან (21.25 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ კი 23.9 მლნ აშშ დოლარი (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის (22.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.

კომენტარები