ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

"ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძის შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები საკმარისი არაა და ამაზე დღესაც იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოზე. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

თუმცა, კითხვაზე იგეგმება თუ არა ე.წ ლოკდაუნი, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ განიხილება, მაგრამ სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები დაწესდება, ნაწილი კი უკვე დაწესებულია.

"მარტო დაწესება არაა მნიშვნელოვანი, ამ შეზღუდვების აღსრულებაა მთავარი". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

16 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი - გარდაიცვალა. 16 785 აქტიური შემთხვევიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 ინფიცირებული იმყოფება. საავადმყოფოებში სულ 5 658 ადამიანი მკურნალობს, 3 315 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 7 812 – ბინაზე.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები