კორონავირუსი საქართველოში

რა შემთხვევაში გავა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების მართვის ინსტრუქცია განისაზღვრა. ცვლილებები Covid 19-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ბრძანების შესაბამის დანართში წერია. 

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე გავა თუ:

ა) პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.

და ამასთან, პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს: 65 წელი და მეტი; ორსული; მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა; თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ბ) თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:

  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

გ) თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში;

დ) თუ პაციენტი არის უცხოენოვანი;

ე) თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.

გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს:

ა) თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა - მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს: 65 წელი და მეტი; ორსული;  მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;  თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

ბ) თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა; ან აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა; ან  აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არ აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ. ამასთან, პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და არ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომელიმე:

  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

გ) როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აქვს მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

"ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ". – წერია დოკუმენტში.

კომენტარები