კავკასია ყარაბაღის ზავის შემდეგ

რუსეთი ზევით, თურქეთი შიგნით, დასავლეთი გარეთ, საქართველო მარტო

ყარაბაღის ზავი

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღის საკითხზე დაზავდნენ. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანი სრულად ინარჩუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც სექტემბერში კონფლიქტის განახლების შემდეგ მოიპოვა. სომხეთის კონტროლის ქვეშ რჩება ყარაბაღის ¾, მათ შორის, დედაქალაქი სტეფანაკერტი. 

რუსული ჯარი ჩადგება ყარაბაღის გარეთ მყოფ ლაჩინშიც და დაიცავს იმ დერეფნის უსაფრთხოებას, რომლითაც ეს რეგიონი სომხეთს უკავშირდება. პარალელურად, რუსული ჯარი უზრუნველყოფს მეორე კორიდორს, ამ შემთხვევაში უკვე სომხეთის ტერიტორიაზე, სიუნიქის ოლქში, რომლითაც აზერბაიჯანი თავის ექსკლავ ნახჭევანს დაუკავშირდება.

ეს შეთანხმება სომხეთისთვის კაპიტულაციის ტოლფასია, რადგან მან დაკარგა, როგორც მთიანი ყარაბაღის გარეთ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი 7 აზერბაიჯანული ოლქი და გასასვლელი ირანზე, ისე სამხრეთ ყარაბაღის ნაწილიც, რომელშიც ყარაბაღის ისტორიული ცენტრი და სიდიდით მეორე ქალაქი, შუშა შედის. სომხეთმა ასევე დადო პირობა, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის ოლქებს.

ყარაბაღის ზავის რუკა
ფოტო: ვიკიპედია

შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად რუსეთი ყარაბაღის სომხურ ნაწილში 2000-მდე მშვიდობისმყოფელს გზავნის. ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიქმნება რუსულ-თურქული “ზავის მონიტორინგის ცენტრი”, რომელიც შეთანხმების განხორციელებას დააკვირდება. მიუხედავად აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებისა, რუსეთი ამტკიცებს, რომ თურქეთი ყარაბაღის სომხურ ნაწილში სამოქალაქო დამკვირვებლებითა და არასამხედრო მშვიდობისმყოფელებით იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით, ბუნდოვანია, განთავსდება თუ არა თურქული საჯარისო ნაწილები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სომხეთის ევროპული მომავალი განსაცდელში

განვითარებული მოვლენების ფონზე სომხეთი ერთმნიშვნელოვნად წაგებული დარჩა. ქვეყანამ დაკარგა მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების დიდი ნაწილი და რუსეთისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების თეორიული შანსიც კი.

ლომის გამოქვაბული მარტაკერტში, ყარაბაღი

სომხეთში გამართული გამოსვლები ასევე ცხადყოფს, რომ ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანს,  რომელიც დემოკრატიული ტალღის ფონზე მოვიდა, ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება. თუმცა, თავისი მენტორის, პირველი პრეზიდენტის,  ლევონ ტერ-პეტროსიანისგან განსხვავებით,  ის არ აპირებს, პოზიციები უბრძოლველად დათმოს. 

ტერ-პეტროსიანი 1998 წელს გადადგა მას შემდეგ, რაც ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის მისი გეგმა სომეხი ნაციონალისტური და პრორუსული ძალების მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა. ამ კამპანიას პრეზიდენტის გუნდის წევრები - თავდაცვის მინისტრი ვაზგენ სარქისიანი და იმ დროს პრემიერმინისტრის პოსტზე მყოფი რობერტ კოჩარიანი ედგნენ სათავეში. 

ტერ-პეტროსიანის კონფლიქტის მოგვარების ეტაპობრივი გეგმა ყარაბაღის სტატუსის გარკვევამდე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნასა და ყარაბაღის გარშემო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას მოიცავდა. პრორუსმა ოპონენტებმა ეს იდეა ღალატად მონათლეს. ფაშინიანის წინააღდეგ დღესაც გამოდიან მსგავსი ტიპის ძალები. 

ქვეყანაში პრორუსული ძალები სომხეთის მარცხს დასავლური და დემოკრატიული იდეების დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. ფაშინიანს ბრალს სდებენ რუსეთთან დისტანცირებასა და ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერის ფუჭ მოლოდინში. ევროპული სომხეთის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ,  ფაშინიანი მოქმედებდა ილუზიით, რომ საფრანგეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მაკრონი სომხეთს უფრო ენერგიულ მხარდაჭერას აღმოუჩენდა. 

ამ მოვლენების ფონზე, აზერბაიჯანისთვის ფაშინიანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება მომგებიანია. მისი ალტერნატივა რევანშიზმია, რაც აზერბაიჯანის უკანასკნელ წარმატებებს პოტენციურად საფრთხეს შეუქმნის. არსებული მიღწევების შენარჩუნებისთვის მხოლოდ ზავი საკმარისი არ არის და მას სრულმასშტაბიანი ნორმალიზაცია უნდა მოჰყვეს. ეს როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის, ისე  სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების აღდგენას გულისხმობს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაშინიანმა ვერ შეძლო ქვეყნის გარდაქმნა. მან  მმართველობის პერიოდი, ძირითადად, პოლიტიკურ ოპონენტებთან კონფლიქტში გაფლანგა. სომხეთში არ განხორციელებულა სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც საშუალო ფენას გააძლიერებდა, საბაზრო ეკონომიკას წაახალისებდა და სამართლებრივ სახელმწიფოს ჩაუყრიდა საფუძველს. ამ საფუძვლის გარეშე პროდასავლური პოლიტიკა მეტად მყიფე გამოდგა.

საქართველოსთან პარალელი რომ გავავლოთ, 2008 წლის ომის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდა,  შეინარჩუნა პოსტი, მაგრამ 2012 წელს ძალაუფლება მაინც დაკარგა. ომის შიში ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელსაც მისი ოპონენტები კამპანიაში აქტიურად იყენებდნენ. 

ფაშინიანის საერთაშორისო მხარდაჭერა მინიმალურია და მას არც სხვისკენ შეუძლია თითის გაშვერა. ამის საპირისპირო მაგალითია საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. მან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგა, მაგრამ თავისი პოზიციები მხედრიონისა და იმდროინდელი სამხედრო ხელმძღვანელობის ციხეში გაშვებით გაიმაგრა. შევარდნაძემ ომის წაგებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აირიდა და ძალაუფლებაც შეინარჩუნა.

რუსული მშვიდობის ხაფანგი

ყარაბაღის საზავო შეთანხმება ცხადყოფს, რომ რეგიონში სრულიად ახალი რეალობა შეიქმნა. რა ნიშანდობლივ ცვლილებებზეა საუბარი და რა გავლენას ახდენენ ისინი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე?

ყარაბაღის ომის დროს რუსეთის თავშეკავებულ პოზიციას პუტინის მიერ ფერადი რევოლუციების მიუღებლობას მიაწერენ. Რეალურად კონფლიქტში რუსეთის გადაწყვეტილებების ლოგიკა გეოპოლიტიკურ განზომილებაში უნდა ვეძებოთ. 

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსი შეიცვალა. საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით ეს სამი სახელმწიფო თანაბარ ძალას აღარ წარმოადგენს. სამხედრო, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით, დღევანდელი აზერბაიჯანი თავის კავკასიელ მეზობლებს ერთად აღებულს აღემატება. 

ნათელია, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანი აღარ შეეგუებოდა 1990-იანი წლების დამამცირებელი მარცხის შედეგებს. შესაბამისად, რუსეთმა ამჯობინა მოსახდენი მაშინ მომხდარიყო, როდესაც მას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ბერკეტები ჰქონდა მოვლენების თავის სასიკეთოდ შემოსატრიალებლად. 

ზავის პირობების შესასრულებლად აზერბაიჯანს ამჟამად რუსეთის დახმარება სჭირდება. რუსული ძალები შეთანხმების მიხედვით რეგიონში 5 წლით განთავსდნენ, რის შემდეგაც ორივე ქვეყანა მათ იქ დარჩენას უნდა დაეთანხმოს. გასათვალისწინებელია, რომ საზავო შეთანხმებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მოსკოვი ეცდება ეს ფაქტორი სათავისოდ გამოიყენოს.

შეთანხმებით დადგენილი პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება რუსეთის მიერ კონფლიქტის რეგიონში მშვიდობისმყოფელი ჯარის განლაგებაა. რუსეთმა ამ გზით გაიმყარა პოზიციები და წამყვან ძალად მოგვევლინა. მოსკოვმა ასევე  მიაღწია სამ მიზანს: (1) დატოვა სომხეთი რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული, (2) მოიპოვა დამატებითი გავლენის ბერკეტი აზერბაიჯანზე, (3) და პრაქტიკულად დაშალა მინსკის ფორმატი, სადაც კონფლიქტის მოგვარების თემაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთთან ერთად საფრანგეთი და ამერიკა ისხდნენ. 

საქართველოსა და მოლდოვას მრავალწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობისმყოფელ კონტიგენტს კონფლიქტის რეგიონში მისი ინტერესების გასატარებლად იყენებს. როდესაც რუსეთს კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლის მოხდენა სჭირდება, ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობით მას ესკალაციის უზარმაზარი ბერკეტი აქვს. ყველას გვახსოვს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების მეთაურის მარატ კულახმეტოვის განცხადება, რომ ის კონტაქტს ვერ ამყარებდა სეპარატისტებთან და ქართულ სოფლებზე თავდასხმების შეჩერება არ შეეძლო, რისაც იმთავითვე არავის სჯეროდა.

ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების სარდალი, დაღესტნელი გენერალ ლეიტენატი, რუსტამ მურადოვი პრეზიდენტ პუტინთან ერთად, 2017

რადგან ყარაბაღის სომხურ ნაწილში რუსული ჯარი ჩადგა, აზერბაიჯანი ვეღარ წამოიწყებს იმგვარ სამხედრო ოპერაციას, როგორიც იქ მყოფ რუსულ ჯარს საფრთხეს შეუქმნის. ეს რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას უდრის. შესაბამისად, რუსეთი სრულად გააკონტროლებს მოვლენებს რეგიონში და მისთვის სასურველ შემთხვევაში უფრო მარტივად შეძლებს ორივე მხარეზე ზეწოლის განხორციელებას. 

თურქეთის დაბრუნება და კავკასიის რეგიონალიზაციის საფრთხე 

ამ მოვლენებს თან ერთვის კონფლიქტის რეგულირების პროცესში თითქმის ასი წლის შემდეგ თურქეთის ფორმალური დაბრუნება რეგიონში. თურქეთის როლი ყარაბაღში მცირეა და ამ ეტაპზე მხოლოდ იმ რუსულ-თურქული ცენტრის წევრობით შემოიფარგლება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდება. 

მიუხედავად ამისა, თურქეთი ოფიციალურად სამშვიდობო პროცესის მონაწილე ხდება და რუსეთთან ერთად რეგიონულ ფორმატში ერთვება. დასავლეთის გამოკლებით შექმნილი ადგილობრივი ინიციატივები ორივე ქვეყნისთვის მისაღებია, ხოლო საქართველოსთვის კი მეტად პრობლემური.

“ხვევნის ყულუფი სულ უფრო ვიწროვდება” - ჟურნალი Punch 1877 წელი

ისევე, როგორც ასი წლის წინ რუსეთი ახლაც ცდილობს კავკასიაში თურქული ინტერესების აკომოდაციას იმ გათვლით, რომ ამით თურქეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებას გააღრმავებს. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის გადაულახავი წინააღმდეგობები კვლავ რჩება და ურთიერთობების დროებითი დათბობა, სავარაუდოდ, დიდ ხანს ვერ გასტანს. 

ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერდოღანი კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც 3+2 ფორმატით საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. ეს ინიციატივა ავტომატურად გამორიცხავდა დასავლეთის მონაწილეობას და  მაშინ პროცესი ჩიხში შევიდა. მსგავსი ინიციატივების სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ამოქმედება საქართველოსთვის მხოლოდ  საფრთხეებს ზრდის. 

თურქეთი ასევე არ ემხრობა შავ ზღვაზე ამერიკის აქტიურ მოქმედებებს. მონტროს კონვენციის საფუძველზე, რომელიც შავ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების სამხედრო გემების ზღვაში შესვლასა და გაჩერებაზე ლიმიტს აწესებს, თურქეთმა 2008 წლის ომის დროს ჩვენი ქვეყნისკენ მომავალი ამერიკული ხომალდები  შეაფერხა იმ არგუმენტით, რომ გემები კონვენციით დაშვებულ პარამეტრებში არ ჯდებოდნენ. 

აზერბაიჯანული რეკონკისტა

აზერბაიჯანის შემთხვევაში ქვეყანამ ერთმნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები და  დაიბრუნა წართმეული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ალიევმა საზავო შეთანხმების გაფორმების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ყველა ამბობდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტს ძალისმიერი გადაწყვეტა არ აქვს, ის საპირისპიროს ამტკიცებდა და კრიტიკის მიუხედავად, მართალი გამოდგა.

გიოვჰარ აღას ზედა მეჩეთი, შუშა, 18-ე საუკუნე

ალიევმა 30 წლიანი დიპლომატიური პროცესიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ამან შედეგი ვერ მოიტანა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როდესაც ის სომხეთს ყარაბაღის ავტონომიას სთავაზობდა, სომხეთი ამტკიცებდა, რომ ეს რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ალიევმა ეს პოზიცია ახლანდელ ვითარებას შეადარა და თქვა, რომ გაფორმებულ საზავო შეთანხმებაში სიტყვაც კი არ არის ნახსენები ყარაბაღის სტატუსზე.

მიუხედავად ამისა, რუსული მშვიდობისმყოფელების გამოჩენა კონფლიქტის რეგიონში აზერბაიჯანისთვის დათმობის ტოლფასია. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს რამდენად დიდი გავლენა შეიძლება, ჰქონდეს იქ განლაგებულ რუსულ ჯარს აზერბაიჯანზე. 

აღსანიშნავია, რომ წარსულში აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიიდან გაისტუმრა რუსული სამხედრო ბაზა. ქვეყანაში მდებარე გაბალას საბჭოთა კავშირის პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს რადიო სალოკაციო სადგურზე 1000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იყო დისლოცირებული. სადგური 2012 წელს დაიხურა, მას შემდეგ,  რაც აზერბაიჯანი რუსეთს მის მოდერნიზაციაზე არ დასთანხმდა და ქვეყანას ბევრად მაღალი ქირის გადახდა მოსთხოვა.

დასავლეთი თამაშგარეთ

დასავლელი პარტნიორების გარეშე გაფორმებული ყარაბაღის საზავო შეთანხმება საშიშ პრეცედენტს ქმნის. საერთაშორისო მინსკის ფორმატი, რომელშიც სამი თანათავმჯდომარე - რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკა მონაწილეობდნენ, რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ფონზე ფაქტიურად გაუქმდა. დასავლეთი, რომელიც თამაშგარეთ დარჩა, თურქეთმა ყარაბაღის საკითხზე ფორმალური როლის მოპოვებით ჩაანაცვლა.

ბრიტანეთის ოსტ ინდური კომპანიის საჭადრაკო დაფა და ფიგურები, 1830 წელი

დასავლური კოალიციის რუსულ-თურქული ტანდემით ჩანაცვლება ორ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. ერთი, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები იმ რეგიონული პრობლემების ნუსხაში გადადის, რომლებიც ადგილობრივი ძალების გარიგებით წყდება და მეორე, რეგიონში ძლიერდება კონფლიქტების მოგვარების ავტორიტარული მოდელი. Შედეგად, ის ფუნდამენტური დასავლური ღირებულებები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, უგულველყოფილია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და თურქეთს უმეტესად ურთიერთსაპირისპირო ინტერესები აქვთ, ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები დასავლეთის გარეშე უნდა გადაწყდეს. ეს საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან ჩვენი გადარჩენისა და განვითარებისთვის დასავლეთის ჩართულობა აუცილებელია. ყარაბაღის კონფლიქტის ფორმატიდან ამერიკისა და საფრანგეთის ჩამოშორებით  რუსეთი იმყარებს რეგიონში წამყვანი ძალის პოზიციას, რაც საქართველოს ბევრად უფრო მოწყვლადს ხდის. 

დასავლეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებებში საქართველო ყოველთვის წაგებული დარჩება. ამისი ცხადი მაგალითია სომხეთის დღევანდელი მდგომარეობა. მისი უსაფრთხოება სრულად რუსეთის ხელშია და დასავლეთის მონაწილეობის გარეშე წარმართულ პროცესში სომხეთი ისეთ საზავო შეთანხმებას აწერს ხელს,  რომელიც ქვეყნისთვის კაპიტულაციის ტოლფასია. 

აზერბაიჯანი, ირანი, ისრაელი: რეგიონული პერსპექტივა

ყარაბაღის კონფლიქტი ნიშანდობლივია ფართო რეგიონულ კონტექსტშიც, სადაც ირანი და ისრაელი მოვლენების განვითარების დინამიკაზე ახდენენ გავლენას. როგორც ცნობილია, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ირანი წლებია სომხეთისკენ იხრება. ის თანამშრომლობს ერევანთან სავაჭრო კუთხით და გზას უხსნის რუსულ სამხედრო ტექნიკას სომხეთში მოსახვედრად.

ირანის ეთნო-რელიგიური რუკა
ფოტო: ვიკიპედია

ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ირანში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები არიან, რომლებიც, სხვადასხვა შეფასებით, ირანის მოსახლეობის 16%-დან 24%-მდე შეადგენენ. ეთნიკური აზერბაიჯანელები პერიოდულად ავტონომიისა და აზერბაიჯანთან შეერთების მოთხოვნებით გამოდიან. მათი უფლებების საკითხი ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობას იწვევს. აქამდე ირანის მიერ ყარაბაღის მხარდაჭერა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ანტაგონიზმს იწვევდა. 

ამას ემატება აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა იმ პირობებში, როდესაც ირანი ისრაელის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს და მისი მსოფლიო რუკიდან გაქრობით იმუქრება. ყარაბაღში აზრერბაიჯანის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ისრაელისა და თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები სახელდება.

ბაქოს ძველი სინაგოგა, აშენდა 1901 წელს, საბჭოთა დროს გადაკეთდა რაშიდ ბეიბუთოვის სახელობის აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრად
ეს აპარატები ბევრად იაფი ჯდება და მათი მეშვეობით, აზერბაიჯანმა შეძლო, როგორც სადაზვერვო საქმიანობა, ისე სამიზნეების დაბომბვა.  ერთ-ერთი ავტორის მიხედვით, მსგავსი შეტევების შედეგად სომხეთმა თავისი  ტანკების, დაახლოებით, მესამედი დაკარგა. აზერბაიჯანის სამხედრო წარმატებას ისრაელის მიერ მიწოდებულმა იარაღმა შეუწყო ხელი. 

მედია ჯერ კიდევ 2012 წელს წერდა აზერბაიჯანის მიერ ისრაელისგან შეძენილ იარაღზე და იმ ფარულ თანამშრომლობაზე, რომელიც ირანისთვის დიდ თავსატეხს ქმნიდა. მაგალითად, მედიის ცნობით, 2012 წელს ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შესაფერხებლად ქვეყანაში ფარულ თავდასხმას აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით გეგმავდა. 

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან ერთად აზერბაიჯანს, ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა შეიძლება, გაღრმავდეს. რუსეთი დიდი ხანია დაინტერესებულია, მისი გავლით ეკონომიკური კორიდორი გააფართოოს. ერთ-ერთი საკითხი, რაც მხარეებმა შეიძლება, განიხილონ აზერბაიჯანის გავლით რუსეთისთვის გაზის მიწოდების თემაა. 

საბჭოთა კავშირის პერიოდში ირანი სამხრეთ კავკასიას გაზით ამარაგებდა. მიწოდება ირანის რევოლუციის შემდეგ დროებით შეწყდა. თუ მსგავს პროექტზე საუბარი დაიწყო, ეს რუსეთისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნება აზერბაიჯანზე გავლენის მოსახდენად. ასევე, აქტუალური შეიძლება გახდეს კასპიის ზღვაზე გამავალი სავაჭრო დერეფნის საკითხიც, რომლითაც რუსეთი ირანთან, ინდოეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს

ამასთან, ირანი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან სარკინიგზო კავშირების გაფართოებით ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო კორიდორის გასაკონტროლებლად. ამერიკის სანქციების ფონზე ირანისთვის ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან სარკინიგზო კავშირი განსაკუთრებული პრიორიტეტი გახდა და მოსკოვი ირანს ამაში ხელს უწყობს. აზერბაიჯანი შეიძლება ამ ქსელის ნაწილი გახდეს.

თურქეთის ენერგო ინტერესები

ამის საპირისპიროდ თურქეთი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად მუშაობს და სურს,  როგორც მილსადენების,  ისე თხევადი გაზის საკვანძო გამტარი ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს. თურქეთში იმპორტირებული რუსული გაზის წილი,  თუ 2017 წელს 51%-ზე მეტი იყო, 2019 წლის მონაცემებით,  34%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ დაიკლებს. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP), რომელიც გაზს ევროპას აწვდის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით,  2018 წელს ამოქმედდა. ამან რუსეთზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებას შეუწყო ხელი.

ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ამგვარი გააქტიურება მის ენერგო ინტერესებთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა 2020 წლის ივლისში,  როდესაც დაპირისპირება ტრადიციულ ზონას გასცდა და ტოვუზის რაიონში გადაინაცვლა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. 

თურქეთმა ღიად აჩვენა, რომ ის მზადაა ამ კორიდორის აქტიურად დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიის ცნობით, თურქეთის საკუთრებაში მყოფი ამერიკული F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთმა სომხეთის შესაკავებლად ყარაბაღის მახლობლად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განალაგა.

ეს ნაბიჯები განსაკუთრებით ნიშანდობლივია იმ ფონზე, როდესაც თურქეთი ბევრად უფრო გააქტიურებულია რეგიონში და პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს. მაგალითად, თურქეთი ეწინააღმდეგება ახალი EastMed-ის გაზსადენის პროექტს, რომელიც ისრაელის გაზს კვიპროსს, საბერძნეთსა და იტალიას მიაწვდის. პროექტის შესაფერხებლად თურქეთმა ტრიპოლისთან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე შეთანხმებასაც მოაწერა ხელი.

აზებაიჯანი-თურქეთის დამაკავშირებელი პირდაპირი სახმელეთო გზა

ახალი შეთანხმებით, აზერბაიჯანი ნახიჭევანის რეგიონთან დასაკავშირებლად სომხეთის ტერიტორიის გავლით სახმელეთო კორიდორს მიიღებს. ტრანზიტს რუსი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. ამ ცვლილების შედეგად საქართველო აღარ იქნება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, რასაც,  შესაძლოა, საქართველოზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს.

ნახიჭევანის მაჩუ-პიქჩუ - მე-7 საუკუნის ელინჯას ციხე, რომელიც ნადირ შაჰმა დაანგრია. აღდგენილია 2016 წელს

თურქეთის ტერიტორიასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი აზერბაიჯანისთვის ახალ რეალობას ქმნის. თუ ეს გზა სრულფასოვანი მაგისტრალური დერეფნის ფუნქციას შეიძენს,  საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდება. თურქეთისთვის აზერბაიჯანთან პირდაპირი სახმელეთო მიმოსვლა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან მას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ ეხსნება კარი, რაც თურქეთის ბოლოდროინდელ აქტიურ რეგიონალურ პოლიტიკაში ჯდება.

ანალიტიკოსების ნაწილი თურქეთის დამოუკიდებელ, უფრო აგრესიულ და ხშირად ანტიდასავლურ პოლიტიკას ნეოოტომანიზმისა და პანთურქიზმის იდეოლოგიას უკავშირებს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩენილი ეს მიმდინარეობები განსაკუთრებით გაძლიერდა ქემალისტური პროდასავლური სეკლულარული ნაციონალიზმის კრიზისის შემდეგ და თურქეთის ჰეგემონიის ქვეშ თურქული მოდგმის ხალხების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ამას თან ერთვის თურქული პოლიტიკის რეისლამიზაციის ბოლოდროინდელი დინამიკა და სულთანიზმი, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თურქეთის საპარლამენტო რესპუბლიკიდან ძლიერ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა.

თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის ეფექტიანობას ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როგორც მისი ინფრასტრუქტურულად გამართვის პრობლემა, ისე ამ გზის უსაფრთხოება. ბოლო მოვლენებამდე თურქეთს აზერბაიჯანის ტერიტორიასთან ნახიჭევანის ავტონომიურ ოლქში მხოლოდ 8 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი აკავშირებდა, რომელთანაც პირდაპირი სახმელეთო წვდომა არ ჰქონდა. ალიევმა საზავო შეთანხმების გაფორმების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ  “ყველა კომუნიკაციისა და გზის გახსნა ასევე აჩვენებს, რომ ახალი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა შესაძლებელია და ეს უნდა გაკეთდეს.” 

ფაშინიანის თქმით, რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა ერევანისა და ნახიჭევანის მომიჯნავე სიუნიქის ოლქის სამანქანო გზით დაკავშირებასაც გულისხმობს. მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთსა და ირანს შორის სარკინიგზო კავშირიც უნდა აღდგეს, რაც სომხეთის მომავლისთვის ფასდაუდებელი იქნება. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად ღიაა ბაქო მსგავსი პროექტების განხორციელების განხილვაზე. 

ეს ინიციატივები ნიშანდობლივია საქართველოსთვისაც, რადგან წარსულში, როგორც რკინიგზის, ისე გაზის ექსპორტის თემაზე ირანი და სომხეთი საქართველოს ჩართვის სურვილს გამოთქვამდნენ. ამ შემთხვევაში საქართველომ მისი და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს. ნებისმიერი პროექტი, რომელიც დასავლეთის ხარჯზე რუსულ და ირანულ გავლენას გაზრდის, საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს.

რელიეფური სირთულე და პოლიტიკური მდგომარეობა მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოს გვერდის ავლით ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების წამოწყების ალბათობას ნაკლებ სავარაუდოს ხდის. სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მტრული ურთიერთობა ნარჩუნდება, სიუნიქის ოლქის გავლით ნახიჭევანთან დამაკავშირებელი გზა საფრთხესთან იქნება დაკავშირებული. 

რუსეთის FSB-ს წარმომადგენლები, როგორც ყარაბახის ტერიტორიაზე, ისე ამ გზის მონიტორინგისას, ცხადია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. ეს არტერია რუსეთისთვის აზერბაიჯანზე ზეწოლის მოხდენის კიდევ ერთი ბერკეტი შეიძლება, გახდეს. შესაბამისად, ბაქო მსგავსი სარისკო ინვესტიციის გაწევას მოერიდება, მაგრამ თურქეთ-აზერბაიჯანის პირდაპირ მიმოსვლას გარკვეული ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, სავარაუდოდ, მაინც ექნება.

სულთანი
ფოტო: Bridgeman/Reuters/The Economist cartoon

სომხეთზე გამავალი გზის მნიშვნელობაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. Ამჟამად საქართველოს გავლით ტრანზიტი  ბევრად უფრო სწრაფი და იაფია. ამასთან, ეს მარშრუტი თავისუფალია რუსული გავლენისგან და აქ ინფრასტრუქტურაც სრულად გამართულია. საქართველო ინარჩუნებს პრიორიტეტს ჩვენ ქვეყანაზე გამავალი მილსადენებისა და სარკინიგზო მიმოსვლის ხარჯზეც. 

ყარაბაღის მომავალი და საქართველო

რამ შეიძლება შეცვალოს ეს რეალობა? რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური დინამიკა ნაწილობრივ ყარაბაღის მომავალ სტატუსზე იქნება დამოკიდებული. კომენტატორების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ ალიევი აგრესიულ ტონს შემრიგებლურით შეცვლის.

დადივანქის ხაჩქარი, ყარაბახღი, 14-ე საუკუნე
ფოტო: Wikipedia
როგორც ტომ დე ვალი წერს, ალიევი სტეფანაკერტზე შეტევაზე არ იყო თანახმა, რადგან მას ან საერთაშორისო იზოლაციის ფასად სისხლისღვრით უნდა გაეძევებინა ადგილობრივი სომხები ან მათთვის გაფართოებული ავტონომია შეეთავაზებინა. დე ვალის თქმით, რუსეთისთვის ანკლავის გაკონტროლების გადაბარება ლავროვის გეგმის სახელით ცნობილი ძველი გეგმის მსგავსია, რომელიც ახლა ბაქოსთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით ხორციელდება. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს ორ სავარაუდო ალტერნატივას შორის. მას შეუძლია, სომხეთის მიერ კონტროლირებადი ჩრდილო ყარაბაღის ტერიტორია იზოლაციაში მოაქციოს ან სომხეთთან ძალაუფლების გაყოფის გზით შექმნას ყარაბაღის გაფართოებული ავტონომიური ოლქი, მაგალითად,  ჩრდილოეთ ირლანდიის მოდელზე. ამ შემთხვევაში გაფართოებულ ყარაბაღში შევა აქამდე სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მიწები და აქ დასახლდებიან დევნილები. 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს აზერბაიჯანი, მართოს ომის შემდგომი პროცესები. აზერბაიჯანს მოუწევს დაბრუნებული დევნილებისთვის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გამართვა და ეკონომიკური პერსპექტივის შექმნა. 

ნორმალიზაცია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის აღდგენასაც მოიაზრებს. რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად აზერბაიჯანი, შესაძლოა, თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნას აღარ შეეწინააღმდეგოს. ურთიერთობების აღდგენას 2009 წელს სწორედ აზერბაიჯანის უკმაყოფილებამ შეუშალა ხელი. 

მას შემდეგ, რაც სომხეთში მარცხის პირველი შოკი გადაივლის, იმ შემთხვევაში თუ პრაგმატულმა მოსაზრებებმა იმძლავრა, მხარეებს შორის ნორმალიზაციის გზით წასვლა, სომხეთის იზოლაციას დაასრულებს და რეგიონში ახალ თანამშრომლობას გაუხსნის კარს. გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პირობებში ახალი ეკონომიკური პროექტების წამოწყებაც ბევრად უფრო რეალისტური გახდება. 

ეს ცვლილება საქართველოსთვის ნიშანდობლივია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ამ მოვლენების პოტენციური ეკონომიკური შედეგები და ნეგატიური გავლენის შესამცირებლად აქტიურად იმუშაოს დივერსიფიკაციაზე. 

საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობის მომავალი

საქართველოს როლის და მნიშვნელობის შემცირების შემთხვევაში, რუსეთს უფრო გაუადვილდება აზერბაიჯანი-საქართველოს ტანდემის გახლეჩვა, რადგან აზერბაიჯანს ექნება გარე სამყაროზე ალტერნატიული გასასვლელი და მას ზურგს უფრო დიდი გავლენის მქონე თურქეთიც გაუმაგრებს. 

საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ამჟამად სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებზე დგას. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტენტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრობლემა აქამდე ორივე ქვეყნისთვის მსგავსი სიმწვავით იდგა და ბუნებრივი მოკავშირეები ვიყავით. ბოლოდროინდელი მოვლენები ამ მოცემულობას გარკვეულწილად ცვლის. ამასთან, ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ სამხედრო ჭრილში და მნიშვნელოვანი საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ.

ფრესკა ბერთუბნის მონასტრიდან, მე-13 საუკუნე

რუსეთისთვის არ არის მომგებიანი საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული პარტნიორობა. აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის რეგიონში მნიშვნელოვანი დასაყრდენია. დასავლეთის მხარდაჭერასთან ერთად საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებელი და მისთვის არასასურველი პოლიტიკის წარმოების მეტი ბერკეტი აქვს. სულ ერთი მაგალითი რომ გავიხსენოთ, 2007 წელს რუსეთის მიერ ზამთარში მაგისტრაულ გაზსადენზე მოწყობილი დივერსიის პასუხად აზერბაიჯანმა გაზმომარაგების გარეშე დარჩენილ ქვეყანას პრეფერენციული ტარიფით უსწრაფესად გაუხსნა ალტერნატიული გაზმომარაგების წყარო. 

რუსეთი აქტიურად ცდილობს ორ ქვეყანას შორის განხეთქილება ჩამოაგდოს. იმ ფონზე როდესაც აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას რუსეთთან თანამშრომლობით აგვარებს და ახალი საკომუნიკაციო არხები უჩნდება, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესშია ორ ქვეყანას შორის მეგობრობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს. ამის საპირისპიროდ, დღემდე მნიშვნელოვანი შეცდომები დავუშვით. მათ შორის განსაკუთრებით თვალში საცემი დავით გარეჯის თემაა. 

უაღრესად ფრთხილი დიპლომატიური პროცესის წარმართვის ნაცვლად, რომლის მიზანი არა ტერიტორიული დავა, არამედ საზღვარზე გამარტივებული მიმოსვლა უნდა ყოფილიყო, მდგომარეობა ჯერ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებმა დაძაბა, ხოლო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრების ყოვლად გაუგებარი მიზეზებით დაკავებამ, გარეჯის საკითხი ორ ქვეყანას შორის რეალური კონფლიქტის წარმოშობის კერად აქცია. მსგავსი ქმედებები ქვეყნის მომავლის სასწორზე დადების ტოლფასია, რადგან რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანს სულ უფრო ნაკლები მოტივაცია ექნება საქართველოდან წამოსულ პრეტენზიებზე მოზომილი პასუხი ჰქონდეს. 

ასევე, ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი არ მიისწრაფვის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. შესაბამისად, მას რუსეთთან ურთიერთობაში ნაკლები ფუნდამენტური წინააღმდეგობა აქვს. საქართველოსგან განსხვავებით, ის პრო-დასავლური გავლენის გაძლიერებით არ არის დაინტერესებული და ეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის საფუძველი ვერ იქნება.

კომენტარები