კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 12 წლის ინფიცირებული ბავშვი სხვა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ახალი კორონავირუსული ინფექციისგან გარდაიცვალა, პირველივე დღიდან საყურადღებო იყო.

როგორც თამარ გაბუნია მედიისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, ინფიცირებული ბავშვი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. 

"მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკამ ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა და სწორედ ამ მომენტში გარდაიცვალა". – ამბობს მინისტრის მოადგილე. 

თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დეტალურად შეისწავლის შემთხვევას და განმარტავს, რომ ბავშვს, მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, თავიდანვე ადგილზე უტარდებოდა ყველა შესაძლო დახმარება. 

"სხვა დანარჩენ დეტალებს, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლით და კლინიკურად სრულად გავაანალიზებთ ამ ფაქტს". – თქვა თამარ გაბუნიამ. 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 12 წლის ბავშვს თანმხლები დაავადებები, რამაც მისი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი დეტალების გაზიარება, კოფიდენციალობის პრინციპებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თანაუგრძნობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებს. 12 წლის ბავშვი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 

16 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი - გარდაიცვალა. 16 785 აქტიური შემთხვევიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 ინფიცირებული იმყოფება. საავადმყოფოებში სულ 5 658 ადამიანი მკურნალობს, 3 315 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 7 812 – ბინაზე.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები