კორონავირუსი საქართველოში

საქნახშირის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – კომპანიამ მუშაობა 2 კვირით შეაჩერა

საქნახშირი

საქნახშირის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კომპანიის ინფორმაციით, მუშაობა 2 კვირით შეჩერდა.  

საქნახშირის ცნობით, კორონავირუსზე PCR ტესტირება 1 170 ადამიანს ჩაუტარდა, ამ დროისთვის 1 114 ტესტის პასუხია ცნობილი – მათგან 144 კი დადებითია. 

"თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

საქნახშირის შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. საქნახშირის თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ". – წერია განცხადებაში. 

17 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები