არჩევნები 2020

ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ადვოკატ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. 

ბასილაიას თქმით, კობახიძის ჩვენების საფუძველზე სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სრულიად აბსურდულ საქმეზე ომის ვეტერანების, ტაქსის მძღოლებისა და მოვაჭრეების წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძე მათ ქვეყანაში "დესტაბილიზაციისა" და "არეულობის" მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს. 

"მიმდინარე წლის ოქტომბერში, ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა მედიისა, თუ პირადი Facebook-ის გვერდის გამოყენებით, გაავრცელა არსებითად მცდარი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება, უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და ამ ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს. სარჩელი კოლექტიურია და მას ათეულობით ადამიანი აწერს ხელს, კობახიძემ მათ წინაშე ბოდიში მოიხადოს და ამავდროულად, ცრუ ინფორმაციისთვის საკონმეპსაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად, 41 ლარის ოდენობით." – თქვა ბექა ბასილაიამ

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე ოპოზიციის პროვოკაციაზე ფაქტების შესწავლა დაიწყო.

მანამდე კი ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ოპოზიციური კანდიდატების სიები, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.

კომენტარები