ალიევი: ყარაბაღის არავითარ სტატუსზე საუბარი არ მიდის, არის ერთიანი აზერბაიჯანი

ილჰამ ალიევი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს ფიზულის რაიონიდან მიმართა, რომელიც აზერბაიჯანულმა არმიამ ექვსკვირიანი ომის შედეგად დაიკავა. თავის მიმართვაში ილჰამ ალიევი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ყარაბაღის სპეციალური სტატუსის საკითხს. 

"შეუძლებელია საუბარი ყარაბაღის რამენაირ სტატუსზე. არის ერთიანი აზერბაიჯანის სახელმწიფო, მრავალკონფესიური და მრავალნაციონალური. არის პროგრესული აზერბაიჯანული სახელმწიფო, აქ ყველა რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს მშვიდობაში და ურთიერთგაგებაში. ასე იცხოვრებს სომეხი ხალხიც, ჩვენ არ გვაქვს არანაირი საქმე სომეხ ხალხთან". – განაცხადა ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ იქნება მოლაპარაკებების საგანი. "მე წარსულში არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ძირძველ აზერბაიჯანულ მიწებზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას. ვამბობდი, რომ აზერბაიჯანი აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ვამბობდი, რომ თუ ეს არ გამოვა მშვიდობიანი გზით, მაშინ სამხედრო გზით გადავწყვეტთ პრობლემას. ჩემი გამოსვლები გამოქვეყნებულია ყველგან, ეს ჩემი სიტყვებია, მათ უკან მე ვდგავარ". – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. 

ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა, რაც მომდევნო დღეებში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. მხარეები ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

საბოლოოდ საომარი მოქმედებები 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. 

ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნაწილები რჩებიან იმ ტერიტორიებზე, რომელიც ხელმოწერის მომენტში უკავიათ და გაცვლიან ტყვეებს. 

სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის, აგდამისა და ლაჩინის რაიონები. გარდა ამისა, ყარაბაღში განთავსდება 2 000-იანი რუსული სამშვიდობო ჯარის ნაწილები, რომლებიც გამყოფ პერიმეტრს გააკონტროლებენ. 

გამყოფი ხაზის გარდა, რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ ლაჩინისა და ნახჩევანის კორიდორსაც. აზერბაიჯანში ხელმოწერილ დოკუმენტს სომხეთი კაპიტულაციას უწოდეს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისთვის გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. 

კომენტარები