მაიკ პომპეოს ვიზიტი

პომპეო უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერია, ბართლომეოსის შემდეგ ის ილია მეორეს ხვდება

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

ხვალ, 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. 

2019 წლის 6 იანვარს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის შექმნასა და მიტროპოლიტ ეპიფანესთვის ტომოსის გადაცემას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებით გამოეხმაურა და მას "ისტორიული მომენტი" უწოდა. 

"6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება უკრაინის მიერ საკუთარი მომავლის შექმნის პროცესში ისტორიული მომენტია. აშშ ადასტურებს დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინისადმი მხარდაჭერას.

აშშ კვლავ მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების წევრების უფლებას განკარგონ საკუთარი რელიგია მათი რწმენის მიხედვით გარედან ჩარევის გარეშე. მივესალმებით მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისათვის ღიაა და მოვუწოდებთ მთავრობას და ეკლესიას ხელი შეუწყონ ტოლერანტულობის და ყველა რელიგიის წარმომადგენლის რწმენის თავისუფლების პატივისცემას". - ნათქვამია განცხადებაში.

პომპეო უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას დიდი აქტიურობით, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე უჭერდა მხარს.

რუსეთის საპატრიარქომ, რომელმაც მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა, სპიკერის პირით განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს თავისი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს.

მაიკ პომპეო საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტამდე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დედა ეკლესიაში - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. 

საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკვე მოიხსენიებენ ალექსანდრიისა და კვიპროსის ეკლესიებში.

ამდენად, მოსალოდნელია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას პომპეომ უკრაინის ეკლესიის საკითხი დაძრას. 

კომენტარები