მაიკ პომპეოს ვიზიტი

ვოლკერი: პომპეომ ვიზიტისას რეგიონისთვის ამბიციური, ორპარტიული, სტრატეგიული ხედვა უნდა დასახოს

კურტ ვოლკერი
the hill

უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თბილისში ვიზიტისას სამხრეთ კავკასიისთვის ამბიციური, ორპარტიული, სტრატეგიული ხედვა უნდა დასახოს - ხედვა, რომელშიც საქართველო რეგიონული ჭილიბია". - წერს ის.

ვოლკერი აღნიშნავს, რომ 2016 წელს ჯონ კერის ვიზიტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ეწვია.

"ვიზიტი რეგიონისთვის და თავად საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს მოხდა. საუკეთესო შემთხვევაში, მას შეუძლია, შექმნას ორპარტიული ტონი, სტრატეგიული მიდგომა, რომელსაც ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცია გააგრძელებს". - აღნიშნავს ვოლკერი.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ რეგიონში დაძაბულობა კვლავ მაღალია და ამას ემატება ის ფაქტი, რომ შეთანხმების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან.

"ეს იმას ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში სამხედრო ძალები ეყოლება. სომხეთში - მიპატიჟებით, აზერბაიჯანში - სამშვიდობო და საქართველოში - საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში. იმპერიის მშენებლობის ეს მცოცავი მცდელობა განსაკუთრებულ ზეწოლას საქართველოზე ახდენს, რომელიც რეგიონში ყველაზე წარმატებული დემოკრატიისა და დასავლეთისაკენ ორიენტირებული საზოგადოების მფლობელია. საქართველოს რუსეთის ქმედებების საპირწონედ აშშ-სა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა სჭირდება". - წერს ვოლკერი.

ის საუბრობს უშუალოდ საქართველოში არსებულ სიტუაციაზეც და იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მაიკ პომპეომ ვიზიტისას:

"რეგიონული გეოპოლიტიკური ზეწოლის გაზრდა საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბულობის პიკს დაემთხვა, რაც ახლახანს ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ხმების 48% მიიღო, რაც კოალიციის გარეშე ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისათვის საკმარისია. თუმცა, გაერთიანებული ოპოზიცია უარს ამბობს, მიიღოს ეს შედეგები და მიზეზად საარჩევნო დარღვევების ბრალდებებს ასახელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. ამას ემატება ის, რომ "გაერთიანებული" ოპოზიცია რეალურად დაყოფილია იმაზე, თუ როგორ დაიჭირონ საქმე ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომლის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

აქ სახელმწიფო მდივან პომპეოს საქმე განსაკუთრებით საფრთხილო იქნება. მან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა ორივე მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაჟინებით უნდა მოითხოვოს როგორც საარჩევნო დარღვევების ბრალდებების გამოძიება, ასევე საერთო ენის გამონახვა თუ და როდესაც ეს შესაფერისია. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას, რომ დემოკრატიას სჭირდება როგორც მთავრობა, ასევე ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია. არჩევნების შედეგების გამოძიებასა და გადამოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ჩამოყალიბება, დამარცხებულებმა კი საკუთარი ადგილი უნდა დაიკავონ საპარლამენტო ოპოზიციაში. ყველა მხარემ უნდა იზრუნოს დემოკრატიული პროცესის გაგრძელებაზე. უთანხმოება კანონიერი, დემოკრატიული გზებით უნდა აღმოიფხვრას". - წერს ის.

ვოლკერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, ხოლო პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს სერიოზული გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე.

"ეკონომიკურად ფეხზე დადგომისათვის საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდა და ახალი ადგილები - ეს ისეთი რამაა, რაც მხოლოდ მნიშვნელოვანი საგარეო ინვესტიციის მოზიდვითაა შესაძლებელი. ამის მისაღწევად საქართველოს დასჭირდება ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაძლიერება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარგი შეფასება აქვს მსოფლიო ბანკის ბიზნესის მარტივად კეთების კრიტერიუმში, უცხოელი ინვესტორები მაინც თავს იკავებენ. ამის მიზეზი ნაწილობრივ საქართველოს ბაზრის მცირე ზომაა, ნაწილობრივ გეოგრაფიული მდებარეობა, ნაწილობრივ კი სასამართლო და საინვესტიციო კლიმატი, რომელიც აღიქმება, რომ პოლიტიკური ზეწოლის სამიზნე შეიძლება გახდეს". - წერს ვოლკერი და მაგალითად მოჰყავს კომუნიკაციების სექტორში რეგულაციები, რაზეც განცხადება წარსულშიც გაუკეთებია, ასევე ანაკლიის პორტის პროექტი.

"საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოაბრუნოს. პატარა, შორეული ბაზრის ნაცვლად უნდა აღიქმებოდეს როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთადერთი დერეფნისა, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს აკავშირებს და არ გადის რუსეთზე ან ირანზე. განცალკევებულად საქართველო, შესაძლოა, არ იყოს საინტერესო ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისათვის, მაგრამ როგორც რეგიონში ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის დამცველი და სტუმართმოყვარე ინვესტიციებისათვის, საქართველო გახდება ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ-გზაჯვარედინი და ყველაზე მიმზიდველი ადგილი რეგიონული სათაო ოფისებისთვის". - წერს ის.

ვოლკერი საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამისათვის აშშ-მ და კონკრეტულად კი სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტისას:

"საქართველოს შიდა პოლიტიკური უთანხმოების აღმოფხვრაში აშშ-ს ჩართულობის მიღმა სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, დააყენოს აშშ საქართველოს ამ ხედვის უკან, როგორც რეგიონში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური მოთამაშე. მან უნდა დაადასტუროს აშშ-ს სურვილი, შექმნას თბილისში აშშ-ს რეგიონული ფინანსური განვითარების კორპორაციის ოფისი, შესთავაზოს დახმარება ინვესტორებთან დავების გადაწყვეტაში და დასახოს სტრატეგიული ხედვა, რომელსაც შემდეგი ადმინისტრაცია მიჰყვება.

რუსული დათვის და ჩინური დრაკონის მოსაგერიებლად აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს კავკასიური ვეფხვის გაზრდაში". - წერს ვოლკერი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, კათოლიკოს პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები