კორონავირუსი

ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით საქართველომ ჩინეთს გადაასწრო

University of Michigan News

ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით საქართველომ ჩინეთს გადაასწრო. 18 ნოემბრის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 86 369-ია, ხოლო საქართველოში - 89 395. ამ სტატისტიკით საქართველო ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით მსოფლიოში 62-ე ადგილზეა, ჩინეთი - 65-ზე.

ახალი კორონავირუსი გასულ წელს პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. მას შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 83 132 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა - 4 634. ჩინეთის მთავრობა ირწმუნება, რომ კარანტინის მკაცრი ზომების მეშვეობით მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი.

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის დონალდ ტრამპმა. აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალეს. თუმცა, მონაცემები ორჯერ შეასწორეს. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დიაგნოსტიკის მეთოდის ცვლილების შემდეგ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 15 000-ით გაიზარდა. გარდა ამისა, აპრილის თვეში, ახალი მონაცემების შეტანის შემდეგ, ქალაქ ვუჰანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, გარდაცვალების კიდევ 1,290 ახალი შემთხვევა დაემატა.

შესწორების შემდეგ მთლიანად ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 40%-ით გაიზარდა. უმეტესობა ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს. გარდა ამისა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

კომენტარები