რუსეთი

რუსეთმა შესაძლოა YouTube-ი სამთავრობო მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო დაბლოკოს

0 კომენტარი
ფოტო: TASS

რუსეთმა შესაძლოა YouTube და სხვა მსხვილი ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმები რუსული სამთავრობო მედიის "ცენზურის" გამო დაბლოკოს. შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტში ხუთშაბათს შეიტანეს.

კანონპროექტის თანახმად, გენერალური პროკურორის ოფისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეძლებათ გამოკვეთონ პლატფორმები, რომლებიც კონტენტზე წვდომის შეზღუდვით რუსეთის მოსახლეობის უფლებებს არღვევენ. ამის შემდეგ მედიის მონიტორინგის სამსახურს, როსკომნადზორს შეეძლება, მთლიანად ან ნაწილობრივ დაბლოკოს აღნიშნული სოციალური მედიაპლატფორმა.

კანონპროექტის განმარტების თანახმად YouTube-ი, Facebook-ი და Twitter-ი 2020 წლის აპრილიდან რუსეთის სამთავრობო მედიების Russia Today-ის, RIA Novosti-ს და Crimea 24-ის ანგარიშებს ცენზურის ქვეშ ატარებენ. Facebook-მა და Twitter-მა სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო მედიის, მათ შორის რუსეთის, ირანისა და ჩინეთის, სამთავრობო მედიად მონიშვნა ზაფხულში დაიწყო. 

კანონპროექტის განმარტების თანახმად, ახალი კანონის მიღების საჭიროება განაპირობა რუსი მოქალაქეებისთვის რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე წვდომის უსამართლო შეზღუდვამ.

დმიტრი პესკოვის თანახმად, სოციალური მედიის რუსი მომხმარებლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის საპასუხოდ ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

სოციალური მედიის პლატფორმებისთვის გარკვეული საჯარიმო ზომები რუსეთში აქამდეც გამოუყენებიათ.

Facebook-ისა და Twitter-ისთვის რუსეთში ოფიციალურად მცირე ჯარიმებია გამოწერილი, ეს დაკავშირებულია 2015 წლის კანონის დარღვევასთან, რომლის თანახმადაც სოციალური მედიაკომპანიები ვალდებულნი არიან, რუსეთის მოქალაქე მომხმარებლების მონაცემები რუსეთში არსებულ სერვერებზე შეინახონ. ამ კანონის დარღვევისთვის 2016 წელს რუსეთმა LinkedIn-ის პლატფორმა დაბლოკა.

2018 წელს რუსეთმა სცადა, დაებლოკა პოპულარული პლატფორმა და აპლიკაცია Telegram-ი. Telegram-მა უარი თქვა უშიშროების სამსახურებისთვის შიფრირების გასაღებები გაეზიარებინა. შიფრირების გასაღებების ფლობით უშიშროების სამსახურები სურვილის შემთხვევაში შეძლებდნენ Telegarm-ის აპლიკაციის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვას. მედიის მონიტორინგის სამსახური როსკომნადზორი Telegram-ის დაბლოკვის ორწლიანი მცდელობების შემდეგ ამ კვირაში პლატფორმაზე დარეგისტრირდა.

გასულ წელს რუსეთში გატარდა კანონი, რომელმაც გაამკაცრა სახელმწიფოს კონტროლი ინტერნეტტრაფიკზე. ამის მიზეზად მოსკოვმა აშშ-ს აგრესიული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დაასახელა. სიტყვის თავისუფლების მომხრე აქტივისტებმა კანონი გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სურვილისამებრ შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე.

Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა მოიწონა ახალი კანონპროექტი, თუმცა გააკრიტიკა კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმების მცირე მოცულობა. სიმონიანის თქმით, სამმილიონრუბლიანი (39 000$) ჯარიმა Google-სა და მის მსგავს კომპანიებს ბევრს ვერაფერს დააკლებს.

კანონპროექტის ძალაში შესასვლელად საჭიროა, ის რუსეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატამ დაამტკიცოს შემდეგ კი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწეროს ხელი. თუ კანონპროექტს მიიღებენ, რუსეთის ხელისუფლება შეძლებს, პლატფორმებზე წვდომა შეამციროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები