ბელარუსი

ბელარუსის ხელსუფლებამ ოპოზიციური Telegram-არხის დამფუძნებლები ტერორისტთა სიაში შეიყვანა

სტეპან პუტილო

18 ნოემბერს, ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციური Telegram-არხის Nexta Live-ის დამფუძნებლები 22 წლის სტეფან პუტილო და 25 წლის რომან პროტასევიჩი ტერორისტთა სიაში შეიყვანეს.

Nexta Live-ს 1.7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. არხი აქტიურად იღებდა მონაწილეობას მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების კოორდინირებაში.

პუტილო და პროტასევიჩი ტერორისტთა სიაში მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების საფუძველზე მოხვდნენ. მათ მასობრივი არეულობის წახალისებასა და ხელისუფლებისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში ედებათ ბრალი.

ბელარუსის ტერორისტთა სიაში 700-მდე ადამიანია. მათი ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან, სიაში ბელარუსის მოქალაქეები მხოლოდ პუტილო და პროტასევიჩი არიან.

"ბელარუსში ტერორიზმი სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება" - წერს Nexta თავის Twitter-ის ანგარიშზე.

პუტილოც და პროტასევიჩიც ბელარუსსა და რუსეთში საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან შეყვანილი. ისინი ამჟამად პოლონეთში იმყოფებიან. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინირო ორშაბათს პოლონეთის ელჩი დაიბარა და აქტივისტების ექსტრადიცია მოსთხოვა.

ოქტომბერში სასამართლომ Nexta Live-ის არხი ექტრემისტულად გამოაცხადა და მისი დაბლოკვის ბრძანება გასცა. 

პოსტსაბჭოთა სივრცეში Telegram-ი პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა. მას აქტიურად იყენებენ როგორც პირადი მიმოწერისთვის, ასევე ინფორმაციის და ახალი ამბების გავრცელებისთვის.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ბელარუსის ცესკო-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. რამდენიმეთვიანი პროტესტის განმავლობაში დააპატიმრეს 13 000-ზე მეტი ადამიანი. შედარებით მასობრივი დემონსტრაციები ყოველ კვირადღეს იმართება.

კომენტარები