ჯაშუშობა

რუსეთისთვის ჯაშუშობის გამო გასამართლებული ამერიკელი ოფიცრის საქმეში 2008 წლის ომი ფიგურირებს

The Washington Post-ის მიხედვით, აშშ-ს არმიის სპეციალური დანაყოფის ყოფილ ოფიცერს, 45 წლის პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსს რუსეთისათვის ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ. მან დანაშაული აღიარა.

თავდაცვის კონტრაქტორად მსახურობის დროს მას გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რაც ჯაშუშობისათვის გამოიყენა და ინფორმაციას რუსეთის წარმომადგენლებს აწვდიდა.

რუსულ დაზვერვასთან მისი კონტაქტი, დებინსის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, 1996 წელს დაიწყო, როდესაც ჩელიაბინსკში სწავლობდა. ის სწორედ აქ შეხვდა მომავალ მეუღლეს, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალების პოლკოვნიკის შვილია. დებინსი აშშ-ს არმიაში მსახურობისას რუსეთის დაზვერვას უზიარებდა ინფორმაციას სპეციალური დანაყოფების აქტივობებსა და თანამშრომლებზე, რომელთა გადაბირებაც, მისი აზრით, შესაძლებლი იყო, ასევე, აშშ-ს კონტრდაზვერვის თანამშრომლების ვინაობას.

დებინსს აქტიური სამხედრო სამსახური 2005 წელს დაატოვებინეს, როდესაც აზერბაიჯანში განაწილების დროს მეუღლე თან წაიყვანა და უფლება მისცა, სამთავრობო ტელეფონით ესარებლა. მიუხედავად ამისა, ის რეზერვში რჩებოდა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში აშშ-ს მოქმედებებზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია რუსეთს გაუზიარა, რისთვისაც 1 000 აშშ დოლარი, კონიაკის ბოთლი და რუსული სამხედრო ფორმა მიიღო. დებინსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ რუსებმა სექსმუშაკების მომსახურებაც შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.

დებინსი აშშ-ში დაიბადა, თუმცა მის ოჯახს აქვს კავშირები რუსეთთან. ის გამომძიებლებისათვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ საკუთარი ლიდერებისაგან რუსეთის ხსნის სურვილი ამოძრავებდა და ფიქრობდა, რომ დაზვერვის თანამშრომლები მისი მოკავშირეები გახდებოდნენ რუსეთის მთავრობის დამხობის გზაზე. ის ასევე წერს, რომ აშშ-ს არმიაში სამსახურით იმედგაცრუებული იყო და ეშინოდა იმის, თუ რა შეიძლებოდა დამართვოდა მისი ცოლის ოჯახს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დაზვერვასთან არ ითანამშრომლებდა.

Washingoton Post სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ დებინსმა საიდუმლო მასალებზე წვდომის გასახანგძლივებლად გასულ წელს პოლიგრაფზე (ე.წ. სიცრუის დეტექტორი) ტესტი ვერ ჩააბარა, რის შემდეგაც აღიარა, რომ ბოლო 15 წელია, რაც რუსეთის დაზვერვასთან კონტაქტი აქვს.

დებინსის განაჩენს აშშ-ს ქალაქ ალექსანდრიის სასამართლო 26 თებერვალს გამოაცხადებს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები