არჩევნები 2020

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არჩევნების ll ტურს არ დააკვირდება

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურს არ დააკვირდება.  

"ამის მიზეზი ის არის, რომ, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ დაკვირვებასთან დაკავშორებით, ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების დღის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ იყოს დარღვეული. ასევე, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიების უფლებებიც არ დაირღვეს. 

ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ პარტიის უფლებები დაირღვევა, არ გვაქვს. არ ვთვლით საჭიროდ, რომ დავაკვირდეთ ამ არჩევნებს". - თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

ხვალ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 ოლქში მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მონაწილეობს. თავდაპირველად, ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებდა, თუმცა, გადაიფიქრეს

ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ 21 ნოემბერს სრული იგნორი გადაწყვიტეს. ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას შეფასებით, "ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არქმევს არჩევნების მეორე ტურს, არის სრული იგნორი". მისი თქმით, "ეს მეორე ტურები არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, იმისთვის, რომ ივანიშვილმა გაიპრავოს 31-ში ჩადენილი ძალადობა და გაყალბება". 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.

კომენტარები