სპეცოპერაცია წერეთელზე

რას ითხოვს მიკროსაფინანსოში მძევლების ამყვანი?

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი თავდამსხმელი პარლამენტარებს 3 მოთხოვნას უყენებს. თავდამსხმელის მოთხოვნებია: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი, ვინც იყო არჩევნებამდე, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ყველანი შეიკრიბონ პარლამენტში, მიიღონ 3 კანონი.

  • პირველი – აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები.
  • მეორე – ბანკებს მიეცეთ უფლება მხოლოდ 7% წლიური, დავიღალეთ. ვისაც სესხები აღებული და მთლიან საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. კრიზისები რომ არის და ხალხი უმუშევარი დარჩა, დააცადეთ ხალხს, სანამ ეს პანდემია გადაივლის, მანამდე მაინც დააცადეთ, ხალხს ფული არ აქვს. 
  • მესამე – წამლები, მოხუცი ხალხი ხმარობს ძირითად წამლებს, აძლევთ 250 ლარ პენსიას, მერე ეუბნებით წინასწარ აიღეთ სესხი, აიღებენ წინასწარ, ნახევარზე მეტ პენსიას ართმევს, რაც პენსია რჩებათ წამლებიც გაუძვირეთ და ახლა იმასაც ვეღარ ყიდულობენ. შეამცირეთ წამლების ფასი. ვინც ყიდის ამ მედიკამენტებს, მაქსიმუმ მიეცეთ 10%-იანი მოგების უფლება". – ამბობს მძევლების ამყვანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, გამოძიების ინფორმაციით, მიოკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი, რომელსაც ცხრა მძევალი ჰყავს.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები