სპეცოპერაცია წერეთელზე

ლომჯარია: არ შეიძლება მძევლად აყვანის ან თავდასხმის რომანტიზება, ასე იწყება ტერორიზმი

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, წერეთელის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელის შეჭრასა და მის მიერ მძებლების აყვანას Facebook-ზე გამოეხმაურა.

ლომჯარია წერს, რომ არ შეიძლება მძევლების აყვანის ან შეირაღებული თავდასხმის რომანტიზება.

"ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!". - წერს სახალხო დამცველი.

დღეს, 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა. თავდამსხმელის მოთხოვნები იყო: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები