ენმ

დეკანოიძე: სად გადააწყდები ხელყუმბარიან ადამიანს, არ იცი, ესაა დაუსჯელობის სინდრომი

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმას და ამბობს, რომ სახელმწიფო წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. 

ხატია დეკანოიძის შეფასებით, მოქალაქე ამ ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ არსებობს სასამართლო და მართლმსაჯულების არცერთი რგოლი. 

"სრულიად დაუცველი ხარ. წარმოიდგინეთ, გახვალ ქუჩაში და სად გადააწყდები ხელყუმბარიან ადამიანს, არ იცი". – ამბობს ოპოზიციური ლიდერი TV პირველის ეთერში. 

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ კრიმინალის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა "დაუსჯელობის სინდრომია" და მას ამის მაგალითად, ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა მოჰყავს, რომელიც გასულ თვეში ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა. სახელმწიფომ ბადრი ესებუას მის მიერ მოთხოვნილი ფული გადასცა და ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად მანქანით დატოვა. მოგვიანებით, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, თვითონ კი მიიმალა. ის ამ დრომდე არ არის დაკავებული. 

"სამაგიეროდ, დასდევენ აქტივისტებს შეშაზე, გვაჯარიმებენ და ეს არის მთელი აღსრულება კანონის, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სტატისტიკაც კატასტროფულია კრიმინალის კუთხით. 25.5%-ია გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ აღარანაირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღარ მუშაობს". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

20 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით, 18:00 საათზე წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელყუმბარიანი თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფი 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელს პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, პარლამენტის წევრებისგან ის აზარტული თამაშების აკრძალვას, საბანკო სესხებზე ზედა ზღვრის (7%) დაწესებასა და მედიკამენტების გაიაფებას მოითხოვდა. 

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ორზე მეტი ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თავდამსხმელს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები