ევროპული საქართველო

ბოკერია: საერთო კლიმატი ქვეყანაში არის უიმედო, დეპრესიული, ძალადობისკენ მიდრეკილი

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას აფასებს და დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ყველა მძევალი და პოლიციელი, ისევე, როგორც თავდამსხმელი, უვნებელია. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ძალიან კარგია, რომ განსხვავებით ზუგდიდის შემთხვევისგან, ამჯერად თავდამსხმელმა წარმატებას ვერ მიაღწია. 

"რა თქმა უნდა, კარგია, რომ თავდამსხმელის წარმატებას არ ჰქონია ადგილი. ანუ ის, რაც მოხდა პირველ შემთხვევაში, არ განმეორდა. ოღონდ მე არ ვიცი, რა მოხდა. ყველა იმ მონაცემებიდან, რაც გამოდის, უფრო ის შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ადამიანი არ გამოიყურებოდა ფხიზლად და უბრალოდ, ჩაბარდა. ამიტომ, მე ეჭვით ვუყურებ, როცა ამბობენ, სპეცოპერაცია იყოო, მაგრამ, თუ მართლაც დასჭირდათ, მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, ვინც სპეცოპერაცია ჩაატარა". – თქვა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში. 

გიგა ბოკერიამ საკითხზე საუბრისას ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას შემთხვევაც გაიხსენა, რომელიც გასულ თვეში ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა. სახელმწიფომ ბადრი ესებუას მის მიერ მოთხოვნილი ფული გადასცა და ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად მანქანით დატოვა. მოგვიანებით, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, თვითონ კი მიიმალა. ის ამ დრომდე არ არის დაკავებული. 

"იმ შემთხვევის დროს ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ამბავი წარმატებად მონათლა ხელისუფლების პროპაგანდამ, რომ წარმატებაა და კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმ ფაქტით, რომ ადამიანი, რომელმაც მძევლები აიყვანა, მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, აიღო სხვისი ფული, სხვისი საკუთრება, მიიმალა. აქეთ იყო დამუნათება, რომ "თქვენ სისხლი გინდათ". რა თქმა უნდა, კარგი იყო, რომ მძევლებს არაფერი არ დაუშავდათ. ჩვენ იმაზე ვაკრიტიკებდით, რომ ბოროტმოქმედის წარმატების ჩათვლა წარმატებად არის კატასტროფული გზავნილი.

მე არ მინდა, რომ პირდაპირ დავუკავშირო და ვთქვა, რომ ის რომ მოხდა, იმან გამოიწვია ეს შემთხვევაც-მეთქი, მაგრამ ჯამში ამ ხელისუფლების ასეთი საქციელის, ისევე, როგორც ზოგადად მათი პოლიტიკის კრიმინალთან და ძალადობასთან მიმართებაში, იმ ეკონომიკური მდგომარეობის, ქაოსისა და ნიჰილიზმის, რასაც ისინი თესავენ, ირიბი შედეგია ეს. საერთო კლიმატი ქვეყანაში არის უიმედო, დეპრესიული, ძალადობისკენ მიდრეკილი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

20 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით, 18:00 საათზე წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელყუმბარიანი თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფი 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელს პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, პარლამენტის წევრებისგან ის აზარტული თამაშების აკრძალვას, საბანკო სესხებზე ზედა ზღვრის (7%) დაწესებასა და მედიკამენტების ღირებულების გაიაფებას მოითხოვდა.

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ორზე მეტი ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თავდამსხმელს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები