კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 100 684

NIAID/National Institutes of Health via AP

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ჯამური დადასტურებული ინფიცირების რიცხვი 100 000-ს გადაცდა. ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა კიდევ 33 და გამოჯანმრთელდა 3851 პაციენტი.

21 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 100 684 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა. სულ 17 948 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები