არჩევნები 2020

ბოკერია ივანიშვილზე: დაუმალავად გვაჩვენეს, რომ სხვების ჯანმრთელობას მათთვის ფასი არ აქვს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციის მიერ არაღიარებულ მეორე ტურსა და ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემამდე საარჩევნო კაბინის გაწმენდის ფაქტს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, საბჭოთა ტრადიციების მიხედვით ერთი პარტიის მიერ მასკარადის ჩატარებას შეესაბამება, ივანიშვილი კი დაუმალავად გვაჩვენებს რომ სისტემებისთვის სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ფასი არ აქვს.

"პროცესი, რომელიც დღეს ხდება, საბჭოთა ტრადიციებში ერთი პარტიის მიერ რაღაც მასკარადის ჩატარება, შეესაბამება კიდეც ივანიშვილის კლოუნებს. ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი სამარცხვინო, მახინჯი გამოვლინება იმ კატასტროფული გზის, რა გზაზეც ჩვენი ქვეყანა დააყენა ივანიშვილმა, ამ სამარცხვინო ოლიგარქმა.

ჩვენ ვნახეთ, როცა ის მივიდა ამ ვითომ არჩევნების პროცესზე ხმის მისაცემად, როგორ გაწმინდეს და დეზინფექცია გაუკეთეს საარჩევნო ყუთს მისთვის. ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს. ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ უტიფრად, არც დაუმალავად ისე გვაჩვენეს, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უფლებებს, ინტერესებს ფასი იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, არ აქვს.

ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის შეხსენება, როგორ სახიფათო ზღვარზე არის მისული ვითარება ივანიშვილის გამო და როგორი ეროვნული, ჩვენი ღირსების, უფლებების, მომავლის ინტერესია, რომ ეს კაცი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ და არასოდეს არ დავუშვათ, რომ ვინმე ასე ექცეოდეს ჩვენ საზოგადოებას". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დღეს, 21 ნოემბერს ხმის მიცემამდე, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებმა საარჩევნო კაბინა გაწმინდეს. ამის შემდეგ ქართული ოცნების თავჯდომარემ და მისი ოჯახის წევრებმა ხმა მისცეს. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი – 100%.

კომენტარები