არჩევნები 2020

ISFED: ზუგდიდში კომისიის წევრები კენჭისყრას არაფხიზლები ატარებდნენ – უბნებთან სუფრა გაშალეს

ტაბულა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ზუგდიდში 73-ე და 106-ე საარჩევნო უბნებთან სუფრა გაშალეს და კომისიის წევრები კენჭისყრას არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ. 

გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 

  • ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელები არჩევნებზე გამოცხადებას სთხოვენ. ასევე, შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა, საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.
  • #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა.
  • #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 და #27 საარჩევნო უბნებზე; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორმა პოლიციელთან საუბრისას განუცხადა, რომ 240 ამომრჩევლის მოყვანა უკვე შეძლო და კიდევ 40-ს ელოდებოდა.  
  • პარტიის კოორდინატორები მობილიზებული იყვნენ #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #3, #4 და #6 საარჩევნო უბნეზე; #16 ყვარლის და #17 თელავის საარჩევნო ოლქების ყველა უბანზე; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 და #26 საარჩევნო უბნებზე; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #06, #08, #15, #35, #58, #48, #74, #73, #30, #37, #39, #52, #55 და #61 საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #11, #18; #21, #22, #23, 29, #30, #31 და #32, საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #43 #58 და #59 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #09 საარჩევნო უბანზე; #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #19 და #20 საარჩევნო უბნებზე; #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #3, #13 და #14 საარჩევნო უბნებზე; #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #2, #5, #7, #10, #11, #20 და #44 საარჩევნო უბნებზე; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #3; #4 #11, #12, #13, #15, #17, #18, #36 და #37 სარჩევნო უბნებზე; #15 ლაგოდეხის საარჩვნო ოლქის #1, #10; #16, #18, #19, #20, #21, #22, #25, #26, #32, #33 და #35 საარჩევნო უბნებზე.

ISFED-ი მე-2 ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა.

მათი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორების არსებობა. 

"ეს პრაქტიკა წლებია კრიტიკის საგანს წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მექანიზმი. აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებასთან, არ გამოიყენონ ასეთი საშუალება ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე და ამით მათი აქტივობის უზრუნველყოფაზე." - წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, სამართლიანმა არჩევნებმა "მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის პირობებშიც კი" გამოავლინა ისეთი დარღვევა, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი) და, ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვა. 

"უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს ასეთი ფაქტების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. 

შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა იმავე სახის დარღვევებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრობლემური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დარღვევები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა, გამონაკლისი არ იყო და ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული ამყარებს იმ შეფასებას, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი და რასაც ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ". - წერია ISFED-ის განცხადებაში.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 26.29% მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 56.11% იყო. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა.

აქტივობა რეგიონების მიხედვით:

  • აჭარა - 30.3%
  • თბილისი - 21.9%
  • იმერეთი - 27.6%
  • კახეთი - 33.7%
  • მცხეთა-მთიანეთი - 32.5%
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28.6%
  • ქვემო ქართლი - 29.2%
  • შიდა ქართლი - 33.2%

რაც შეეხება 2016 წელს, ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 37.5% იყო.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები