არჩევნები 2020

ბათუმში საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე აქტივისტები დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: IPN

ბათუმში საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე აქტივისტები დააკავეს. აჭარის პოლიციის უფროსის თქმით, აქტივისტები პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. 

"არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დისტანცია დაეცვათ და ისე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, თუმცა პოლიციის ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მოგვიხდა მათი დაკავება". – თქვა აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. 

ბათუმის საოლქო კომისიასთან აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი 100%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები