არჩევნები 2020

DI: პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს

ევროპული საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ვერ აიძულებს დეპუტატებს, რომელთაც მანდატებზე უარი თქვეს, განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ეს განცხადება "იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად".

"თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას, სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსესუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი – 100%.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები