COVID-19-ის ვაქცინა

ოქსფორდის უნივერსიტეტის COVID-19-ის ვაქცინა 70%-ით ეფექტიანია

Reuters

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 70%-ით ეფექტიანია. ოქსოფრდის ვაქცინა Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებზე ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ის, სავარაუდოდ, უფრო იაფი იქნება, ხოლო მისი შენახვა და ტრანსპორტირება – უფრო მარტივი, რის გამოც სავარაუდოა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ოქსფორდის ვაქცინაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.

ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდაში დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში 20 000 ადამიანი იყო ჩართული.

მთლიანობაში COVID-19 გამოუვლინდა 30 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის 2 დოზა მიიღო და 101 პირს, ვისაც პლაცებო ინექცია გაუკეთეს. მკვლევრების თანახმად, ვაქცინა 70%-ით იცავს ორგანიზმს ვირუსისგან.

საინტერესოა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-მდე გაიზარდა მოხალისეების იმ ჯგუფში, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო მეორე ეტაპზე სრული დოზა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაპირობებს ამ განსხვავებას.

ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის საჭიროა ვაქცინის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სტანდარტებთან შესაბამისობა შემოწმდეს. შემოწმების პროცესს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა უახლოეს კვირებში გაივლის.

ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად.

მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.

კომენტარები