კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: შეიზღუდება გეგმიური ოპერაციები, დაყოვნება გაიზრდება პირველ მარტამდე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გეგმიურ ოპერაციებზე წვდომა შეიზღუდება და პროცედურები პირველ მარტამდე დაყოვნდება. მიზეზად მინისტრი პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტების დაინფიცირების რისკს ასახელებს. 

"ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტმა, რომელიც არ იყო COVID-ინფიცირებული, მიმართა კლინიკას, ჩაიტარა ოპერაცია და ოპერაციის დასრულების შემდეგ მას დაუდასტურდა COVID-ინფექცია

სწორედ კოვიდინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, რაც რა თქმა უნდა, პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციას საკმაოდ ართულებს, მნიშვნელოვანია, შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა გეგმურ ოპერაციებზე და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე. ეს საფრთხეს პაციენტებს არ შეუქმნის, გამომდინარე იქიდან, რომ გეგმური ოპერაციები, როგორც წესი არის გეგმური და არ ხასიათდება მაღალი რისკით პაციენტის ჯანმრთელობასთან მიმართებით". – თქვა ტიკარაძემ იმედის ეთერში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 36 და გამოჯანმრთელდა 3 561 პაციენტი.

23 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა. სულ 18 482 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები