ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

აჭარაში, ბათუმში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი, 55წლის ექიმი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ექიმის მდგომარეობა გუშინ, 23 ნოემბერს დამძიმდა, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი პაციენტს მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა.

ექიმს კოვიდ ინფექციასთან ერთად მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა, მათგან 4 ექიმი იყო, ერთი კი ექთანი.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები